“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.
“გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად პოლიტიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე”, – თქვა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, ჯერ წარდგინება შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, “საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს ბუნებრივია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას”, რაც მისი თქმით, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. “ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება კოორდინაცია პრეზიდენტსა და “რადიკალურ ოპოზიციას” შორის.