გარკვეულ დრომდე რამიშვილების აკვანი დობირო ყოფილა. ამ ხანას ეკუთვნის მამაჩემის თხრობა „თათრების“, ანუ ოსმალოების თარეშის შესახებ ჩვენში.
.
„ისინი მუდამ მოხერხებულ დროს ეძებდნენ, რომ თავს დასხმოდნენ ჩვენს წინაპრებს და გაეტაცნათ ვაჟი ან ქალი, რომლებსაც დიდ ფასებში ყიდნენ თურმე – მოგვითხრობდა მამაჩემი, – საამისოდ მათ ჰყოლებიათ ჩვენში ნიშნის მიმცემნი. მაგრამ ჩვენებსაც ჰყოლიათ შიკრიკები სამხრეთის სოფლებში (ქვაბღა, ზოტი, ნაბეღლავი, ხევი), რომლებიც დაუყოვნებლივ აცნობებდნენ ჩვენებს თათრებისგან მოსალოდნელ საშიშროებას. რჩეულნი მაშინვე იარაღს აისხამდნენ და დასახვედრად გამზადებულნი თავიანთ ადგილს დაიკავებდნენ.
.
დანარჩენ მოსახლეობას – მოხუცებს, ქალებს, ბავშვებიანი აკვნებს, მოზარდ თაობას, პირუტყვს ხიზნავდნენ საწაბლიაში ან სხვა ადგილებში.“
.
რჩეულთაგან მამაჩემი კაცია რამიშვილს ასახელებდა, რომელიც თურმე, როგორც გადმოცემით მოუსმენია, ბევრჯერ შებმია თავსდამსხმელებს და მათთვის მზე დაუბნელებია.
.
თავდასხმები ზაფხულობით ან შემოდგომობით ხდებოდა. ზამთრის მოსვლას და თოვლის დადებას მოსახლეობა დიდი სიხარულით ხვდებოდა, რადგან მტერი მთებზე ვეღარ გადმოვიდოდა და თუ ამას გაბედავდა, მათი კვალის მოძებნა ადვილად შეიძლებოდა და მაშინ ვაი მათი გაჩენის დღეს!
.
ერთი ასეთი შემთხვევა მამაჩემა მოგვითხრო კაციასა და მისი დაგეშილი შავი ძაღლის მონაწილეობით.
.
სამხრეთის რომელიღაც სოფლიდან შიკრიკს უცნობებია, რომ მოსალოდნელია „თათრების“ თავდასხმა მოზრდილი რაზმით. შემოდგომის ტეხაკრეფა ყოფილა.
.
მაშინვე ვაშკაცებს იარაღი აუსხამთ და კაციას განკარგულებით, სამხრეთიდან მომავალი ბილიკები შეუკრავთ. მოსახლეობა მთლიანად საწაბლიაში გაუხიზნათ სადაც ასეთი შემთხვევისათვის წინასწარ მომზადებული ჰქონიათ ფაცხები და ნალიები.
.
ადგილზე მარტო კაცია დარჩებოდა თავისი დაგეშილი დიდი შავი ძაღლით. ეს ძაღლი კაციას მკლავზე ჰქონია გამობმული, რომ მას მომხდური არ დაეფრთხო დროზე ადრე და ყეფა არ აეტეხა.
.
ერთ მთვარიან ღამეს ძაღლი აცქმუტებულა, დაბლა ვანისწყალისაკენ მიიწევდა თურმე. ცოტა ხსნის შემდეგ კაციას შეუნიშნავს, რომ ვიღაც ოთხი კაცის ლანდი თხილნარში, დიდი სიფრთხილით ზევით დასახლებისაკენ მიიწევდა. გარკვეულ მანძილამდე მიუშვია, შემდეგ ერთისათვის მისი კაჟანი თოფი დაუხლია და იქვე გაუცივებია; ძაღლი აუშვია, რომელიც მაშინვე მეორეს დაძგერებია, ყელში სცემია და გაუგუდავს; მესამეს ვეღარ მოუსწრია ვერც იარაღის მომარჯვება და ვერც გაქცევა, კაციას სატევარით თავგაჩეხილი თხილის ბუჩქზე გადაკიდულა; მეოთხეს დაუპირებია გაქცევით თავის შველა, მაგრამ ძაღლი დასწევია, კანჭში სცემია და გაუკავებია. ამასობაში ძაღლს კაციაც მიშველებია და მსხვერპლი დაუმორჩლებიათ. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მომხდარა.
.
კაციას მისთვის ხელ-ფეხი შეუკრავს იმ თოკით, რომელიც მომხდურს ჰქონია მოთოკილი და ღლიამხარა გადაკიდული, ალბათ მოსატაცებელი მსხვეპლის შესაკრავად.
.
კაციას, გათოკილი ეს მეოთხე თავდამსხმელი იქვე ვანისწლის პირას დაუგდია და ისევ მაღლა დასახლებაში ავარდნილა. მიურბენ-მოურბენია – კიდევ ხომ არავინ შემოპარულაო – და რა დარწმუნებულა, რომ სხვა არავინაა, ისევ გათოკილთან ჩასულა, ფეხები გაუხსნია, ორივე ყური დაუჭრია და „გეთ“ წადიო, უთქვამს ხელბგაკრულისათვის.
.
ყურებდაჭრილი ოსმალო, თავისივე თოკით უკან ხელებგაკრული, როგორ ან რომელი გზით წასულა, ამაზე კაციას აღარ უნაღვლია.
.
ერთხელ მოუხერხებიათ თავდამსხმელ ოსმალებს ქალის გატაცება. კაციას და მის ბიჭებს გვიან გაუგიათ ეს ამბავი. დასდევნებიან. მდევართა ერთი ჯგუფი ესესქედის გადასასვლელით წაუყვანია კვალს; კაცია და მისი ძაღლი ნაბეღლავის გადასასვლელს მიჰყოლია. გაქცეულ ძაღლს შორს აუტეხია ყეფა. კაცია მის ხმაზე გაქცეულა. ვეებრთელა წიფლებს შორის დაუნახავს ორი ოსმალო, რომლებიც ძაღლს დასდევდნენ და თოფებს მოსაკლავად უმიზნებდნენ, ამასობაში კაციას გაუსვრია და ერთი უსულოდ გაუგორებია. მეორეს, რომელსაც ძაღლი ფეხზე ექაჩებოდა სროლა ვერ მოუხერხებია და უზარმაზარ წიფელას მოფარებია.
.
ოსმალო და კაცია უზარმაზარ წიფელს გარშემო ურბენდნენ და ხელსაყრელ დროს ეძებდნენ ერთმანეთის დასამარცხებლად. კაცია ამოღებული კაკუბაშით (ხმალისებური მოღუნული მახვილი) დაწინაურებულა წიფლის ირგვლივ რბენაში და ოსმალოს ზურგიდან დასწევია; ოსმალო მისკენ შემოტრიალებულა, მაგრამ ამ დროს კაციას კაკუბაშს გაულევებია და ოსმალოს კისერი წიფლის ვებერთელა მერქანზე მიუჩეხია; თავი მიწაზე გაგორებულა.
.
მდევართა მეორე ჯგუფი ხელცარიელი დაბრუნებულა. ქალი ოსმალოების მეორე ჯგუფს გაუტაცნია.
.
გაბრიელ რამიშვილი – გიორგი ჯვრის კავალერის მოგონებები (ფრაგმენტი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა