ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა – საქართველოს ევროპული ორბიტის შექმნის მთავარი იდეაა, რომ საზოგადოება სამოქალაქო აქტივიზმში ჩაერთოს და ის არ გადაიზრდება პოლიტიკურ გაერთიანებაში.
გადაცემა პოლიტმეტრში მან ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობით, ძალიან “მნიშვნელოვანია საზოგადოება გარკვეული იდეების გარშემო კონსოლიდირებული იყოს.
“ვფიქრობ, არსებობს საზოგადოებაში დიდი ინტელექტუალური, შემოქმედებითი რესურსი, მაგრამ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ადამიანებისა ჩვენს საზოგადოებაში ვერ პოულობენ საკუთარ თავს, სად შეიძლება იყოს სივრცე, ფორმატი ან ადგილი მათი ჩართულობის. განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ გარკვეულწილად, პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩართულობა თუ პოზიციონირება ერთგვარ სტიგმათაც იქცა საქართველოში. ამ ტიპის ადამიანებს, ერთი მხრივ, უნდათ, რომ ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდნენ. მათთვის არ არსებობს პლატფორმა და სივრცე, სადაც საკუთარ თავს დაინახავენ…
ეს არის სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმა და არ გვაქვს გეგმები, რომ ეს პლატფორმა გადაიზარდოს პოლიტიკურ გაერთიანებაში იმიტომ, რომ დღეს საქართველოსთვის როგორც არასდროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს გარკვეული იდეების გარშემო კონსოლიდირებული”- თქვა ლომჯარიამ.
მიისვე თქმით, პლატფორმის პირველი ინიციატივა იქნება აქტივობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
“გვექნება სხვა ტიპის ინიციატივებიც, მოქალაქეების და ექსპერტული წრეების ჩართულობით. ეს არის პირველი ინიციატივა იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სასწრაფოა. მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და ქართველი ხალხის ევროპული ხმის მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებამდე”- თქვა ლომჯარიამ.
როგორც მან აღნიშნა, პლატფორმა გააერთიანებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, თუმცა მათი სურვილია, ეს იყოს შესაძლებლობა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მონაწილეობის მიღება სურს.
“ჩვენ დავიწყეთ ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის ცნობილი და სანდო ადამიანების ჩართულობით საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან.იქნებიან სპიკერები ჩვენს პირველ ღონისძიებაზე და სამომავლო აქტივობაში იქნებიან ჩართულები, თუმცა ისინი იქნებიან უფრო მეტად მაგალითის მომცემები სხვებისთვისაც. ჩვენ გვინდა, რომ ეს პლატფორმა იყოს შესაძლებლობა არამხოლოდ ცნობადი, წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც დღეს კითხულობს: “მინდა მე ევროპა და რა გავაკეთო, როგორ შევუწყო ამ პროცესს ხელი?” – ამბობს ლომჯარია.
ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა, საქართველოს ევროპული ორბიტა დააფუძნა – პლატფორმის პირველი საჯარო ღონისძიება სახელწოდებით, ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის 7 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოეწურა. ამ პერიოდის განმავლობაში ის არაერთხელ გახდა მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე – ქართული ოცნების წევრები მას “ნაცმოძრაობის ომბუდსმენს” უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის “შერჩევითი სახალხო დამცველი” იყო.
13 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამასთან, პირველ თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს გამარჯვებულები დაასახელა – მათ შორის მოხვდნენ ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და მისი გუნდი.