დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სპორტში ქალის მონაწილეობა გამონაკლის და “არაკონკურენტუნარიან” მოვლენად მიიჩნეოდა. მიუხედავად არაერთი სტერეოტიპისა, რომლებსაც ქალები სპორტული კარიერის დროს აწყდებიან სხვადასხვა მიმართულებაში, ისინი მაინც წარმატებით ასპარეზობენ როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. სწორედ ის მტკიცე ხასიათი და შეუპოვრობა, რაც ქალებს ახასიათებთ, მეტად ლამაზსა და სანახაობრივს ხდის სპორტს. ამასთან ერთად კი, მათ მუდმივად უწევთ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაამტკიცონ, რომ ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია.
ქვემოთ წარმოგიდგენთ წარმატებულ ქართველ ქალებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში:
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ტანმოვარჯიშე
მედეა ჯუღელმა ოქროს მედალი ჰელსინკში, 1952 წელს გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა და პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის სტატუსიც მიიღო. თუმცა ეს მისი მოღვაწეობის მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდია – მედეა ჯუღელმა სხვადასხვა შეჯიბრებაში 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ამასთან ერთად, მან ამგვარ პროფესიულ წარმატებას მძიმე ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფონზე მიაღწია. 13 წლისას მას „ტროიკამ“ ჯერ მამა დაუხვრიტა, შემდეგ კი გადაუსახლა დედა და წლების მანძილზე მშობლების გარეშე იზრდებოდა.
ჭადრაკის დედოფალი
ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სპორტის კრიტიკოსების შეფასებებში ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც „გონება, რომელიც მუდმივად ანგრევდა ჭადრაკის სფეროში არსებულ გენდერულ წინასწარგანწყობებს“.
პირველი რეკორდსმენი ქართველი ქალი
პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი ქალი მედეა ჯუღელის თანამედროვე ნინო დუმბაძეა. მან რეკორდი ბადროს ტყორცნაში დაამყარა და შვიდჯერ გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. ოცზე მეტი წლის განმავლობაში მისი რეკორდი მხოლოდ ერთხელ მოხსნეს, თუმცა ნინო დუმბაძემ შედეგი ისევ გააუმჯობესა და სპორტი რეკორდსმენი ქალის სტატუსითვე დატოვა.
საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალი
ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, ნიდერლანდები), მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, პოლონეთი), მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი, 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი. 4 წლის განმავლობაში მოიპოვა 9 ოქრო, აქედან 8 მსოფლიო თასის ტურნირებზე.
ოლიმპიელი მიზანში მსროლელი
ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ნინო სალუქვაძეს ოცამდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენებით (2003, 1999). არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018), ღირსების ორდენისა (1993, 2008) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003) კავალერი. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი (1999).
პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ქალი ძიუდოში
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ეთერი 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.
marao.ge