ამ დღეებში “ოცნება” რუსეთის პროკურატურისგან მიიღებს მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნას – ნიკა გვარამიას მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მთავარი არხის ეთერში რუსთავის ციხეში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რა დროსაც ბადრაგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკა გვარამიას თქმით, ბადრაგის ვინაობა ზუსტდება – “რა მნიშვნელობა აქვს იმას რა სახელი აქვს, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, ამას ბოლომდე ვაზუსტებთ, პენიტენციალური სისტემის განცხადება უკვე უნდა იდოს. ეს არის ან გიუაშვილი, ან გიუნაშვილი “,-თქვა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს მთავრობას მიმართა და მოითხოვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უკრაინაში.

“ყველანაირი საფრთხე, რომელზეც ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით და ვიღაცას ეგონა რომ თეორიულია, აგერ ბატონო, პრაქტიკულად ეს არის. ლონდა თოლორაიამ ვიდეო რომ არ გამოაქვეყნა ეგეც ეყოფა მას სამუდამო სირცხვილისთვის, ადგეს და გამოაქვეყნოს იმ სამსახურმა ის ვიდეო, როგორ ექცეოდნენ სააკაშვილს გორშიც მათ შორის და ყველა ნახავს იქ რა და როგორ ხდება.

მაგრამ რაღა დამტკიცება უნდა ამის მერე. პატიმარი, რომელიც დახურულ სივრცეშია და რომელსაც, რასაც უნდა იმას უზამენ, ნებისმიერ დროს. ამას ვლაპარაკობთ, როცა გარეთ გამოსულ ადვოკატს ეს გაუკეთეს და ამან ტელეფონით ჩაწერა, თორემ ვინ დაიჯერებდა ამას.

დაუყოვნებლივ გადაეცეს უკრაინას მიხეილ სააკაშვილი. მოვუწოდებ უკრაინის ელჩს დაუყოვნებლივ გააკეთოს სწორხაზოვანი, პირდაპირი და მომთხოვნი გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი გაარიდონ აქაურობას”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

“მთავარ არხთან” საუბრისას ნიკა გვარამიამ ასევე თქვა, რომ რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გენოციდის საქმეა აღძრული და რამდენიმე დღეში რუსეთის პროკურატურა აპირებს, საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოსთხოვოს:

“რუსეთში არსებობს მიმდინარე ქეისი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოსების გენოციდზე, აბსურდი. შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, რუსეთთან კოლაბორაციონისტულ გარიგებაში მყოფი ქართული ოცნება, ამ დღეებში მიიღებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით რუსეთის პროკურატურის მხრიდან და ჩვენ უნდა ველოდოთ ქართული ოცნება რას გადაწყვეტს? ზუსტად ვიცით რასაც გადაწყვეტს და ზუსტად ვიცით, ეს რას გამოიწვეს – ეს გამოიწვევს უმძიმესი მოვლენების განვითარებას საქართველოში”,- თქვა ნიკა გვარამიამ და საერთაშორისო საზოგადოებას ინგლისურ ენაზე მიმართა.

შეგახსენებთ, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს რუსთავის მე-12 ციხის ბადრაგი დღეს დაესხა თავს. არსებობს მომხდარის აუდიოჩანაწერიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share