2023 წლის 16 ოქტომბრიდან, ლახამის ჰიდროელექტროსადგურების (ლახამი 1 და ლახამი 2) მფლობელი და მმართველი კომპანია შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციებს განათავსებს. საცალო ობლიგაციების ემისიის საერთო ღირებულება 15 მილიონ აშშ დოლარამდეა განსაზღვრული. ობლიგაციები 2 წლიანია და პირველი პრეცედენტია როცა, საცალო ობლიგაცია კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1,000 აშშ დოლარია, რაც გუმისხმობს 1 ობლიგაციის საფასურს. საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი წლიური ფიქსირებული 8.50-9.00%, ვადა – 2 წელი. სარგებლის (კუპონის) გადახდა – ნახევარწლიურია, ემისია გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველპმენტის“ დამფუძნებლები არიან მაჟორიტარი აქციონერი Caucasus Clean Energy Holdings Pte. LTD და მინორიტარი აქციონერი Energy Solution. თავის მხრივ, Caucasus Clean Energy Holdings Pte. LTD ჰოლდინგის ინსტიტუციური და მაღალ ერპუტაციული ინვესტორები არიან GEEREF (ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გლობალური ფონდი), FMO (ნიდერლანდების განვითარების ბანკი), OeEB (ავსტრიის განვითარების ბანკი), EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი) და სხვა ინვესტორები. შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველპმენტი“ ფლობს და მართავს სვანეთში, სოფელ ლახამში, მდინარის მოდინებაზე მყოფ 2 ჰიდროელექტროსადგურს (ლახამი 1 და ლახამი 2) ჯამური დადგმული სიმძლავრით 16 მეგავატი. წლიურად, 8 თვის განმავლობაში, კომპანიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული მყიდველია სახელმწიფო – „გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების“ (PPA) საფუძველზე, ხოლო დანარჩენ თვეებში (წლიურად 4 თვე) კომპანია ელექტროენერგიას ყიდის ადგილობრივ ან საექსპორტო ბაზრებზე. PPA სახელმწიფოსთან გაფორმებულია 2030 წლამდე და სრულად ფარავს ობლიგაციის ვადას. 2022 წელს კომპანიამ შემოსავლების 50.6% სწორედ PPA-ის ფარგლებში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან დააგენერირა.
„მოხარული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გავალთ. სარგებელი, რომელსაც ობლიგაციების გასხვისებით მივიღებთ, მოხმარდება იმ სესხების გადაფარვას რომელიც კომპანიას გააჩნია. მოგეხსენებათ, საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს ოპერაცია ჩვენთვის ხელსაყრელი და მომგებიანია, ასევე, გაუმჯობესდება ჩვენი კაპიტალის სტრუქტურაც. მეორე მიზეზი, რაც გვამოძრავებდა აღნიშნული სიახლის დანერგვით, არის სარგებლის განაწილება. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას თითოეულ მოქალაქეს საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და ამავდროულად, ნახოს პირდაპირი, გარანტირებული სარგებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ობლიგაციები უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი თუ მოძრავი ქონებით, რომლის ღირებულებაც ერთნახევარჯერ აჭარბებს ბონდების საერთო ღირებულებას. ეს კი ცხადია, არის სიმშვიდის გარანტი. ამასთანავე, პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ საკუთარი თანხა დააბანდონ ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. მოგეხსენებათ, ჰიდროენერგეტიკა განახლებადი, სუფთა ენერგიის წყაროა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოიხატება სათბული აირების გამოფრქვევის შემცირებაში. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ფრიად ტრენდულია განახლებად და მწვანე ენერგეტიკაში ინვესტირება და სწორედ, ამ მიმართულებას ვავითარებთ ჩვენ დღეს ამ შეთავაზებით“ – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი, შპს „ავსტიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ დირექტორი.
თიბისი კაპიტალი ერთი კვირაა რაც პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს აღნიშნულ სიახლეს. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი დიდია ბაზარზე. 2023 წლის 16 ოქტომბერს კი, უკვე საფონდო ბირჟაზე იქნება შესაძლებელი შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ ობლიგაციების შეძენა.