ყურაშვილი რუსულ ბაზაზე: ეს ჩვენი ომში ჩათრევის მცდელობაა – იქნება დასტური რომ ბელარუსი ვართ

გენერალური მამუკა ყურაშვილი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად აფასებს.

როგორც გენერალმა აღნიშნა, თუ ოჩამჩირეში რუსული ბაზა გაიხსნება, ეს საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნება და ქვეყანა ბელარუსად გადაიქცევა. ყურაშვილი ამბობს, რომ ამ ბაზის არსებობის შემთხვევაში, რუსეთი ოჩამჩირიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტების გასროლას შეძლებს.

“ეს არის ძალიან საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენ როგორც ვიცით ეს გადაწყვეტილება ჯერ გაჟღერებული არის სეპარატისტული მთავრობის მიერ – რუსეთიდან დასტური ჯერ არ არის, მაგრამ ეს არის მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის. როგორც კი ეს მოხდება, ეს იქნება პირდაპირი და ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველო არის ბელარუსი.

ის რაკეტები რაც ბელარუსიდან არის გასროლილი, ანალოგიური დატვირთვა ექნება საქართველოს. საქართველოს ტერიტორიიდან მოხდება გასროლა უკრაინის მიმართულებით. დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. იგივე კალიბრის რაკეტების გასროლა შეიძლება… [რუსებს] მოუწიათ სევასტოპოლის დატოვება, გადაჰყავთ ნოვოროსიისკში და ერთ-ერთ ბაზად განიხილება ოჩამჩირის ბაზა”, – თქვა ყურაშვილმა დროების ეთერში.

გარდა ამისა, ყურაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ეს ბაზა ოჩამჩირესი გაიხსნება, საქართველოში ინვესტორები აღარ შემოვლენ და ქვეყანა განვითარებას ვეღარ შეძლებს.

“ოჩამჩირის ბაზა განლაგებულია ოჩამჩირიდან 5 კილომეტრით ჩრდილოეთით, 10 ჰექტარს მოიცავს, სამუშაოებია ჩასატარებელი და განსაახლებელია ეს ბაზა. იმ დატვირთვას, რაც რუსეთს შავ ზღვაში დარჩა, ვერ გაუძლებს, თუმცა არის ძალიან სენსიტიური, ქვეყნის განვითარების კუთხით. ვერავინ და არასდროს არ ჩადებს ინვესტიციას, როცა ზუგდიდიდან 40 კმ არის მოშორებული, ყულევიდან 60 კმ მოშორებული. არავინ საქართველოში არანაირ პროექტს აღარ განავითარებს. რა თქმა უნდა ეს არის რუსული ოცნების პოლიტიკური კრახი. გარანტირებული მშვიდობა არ არსებობს” – განაცხადა გენერალმა ყურაშვილმა.

***

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share