რა ხდება ისრაელში

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

რა ხდება ისრაელში – გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას:

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს და ამის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მოწოდების მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობა გახდა.

საბჭო თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჰერცოგის ოფისის თქმით, ჰარისი უსამძიმრებს ებრაელ ხალხს და ხაზს უსვამს, რომ საკუთარი თავის დაცვა ისრაელის უფლებაა.

კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები მთელი ომის განმავლობაში ისრაელის გვერდით იდგება.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის ისრაელზე თავდასხმა თავიდან უნდა აიცილონ.

შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად “გერმანია შესაბამისად იმოქმედებს”. შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს.

”აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს”, – ამბობს შოლცი.

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა – გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ინფორმაციას კი პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც – ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაშ კი 50-ს შეეძლება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერმინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა, ასევე, რას აკეთებენ თავდასხმების მოსაგერიებლად.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბური, თავხედური თავდასხმისგან იტანჯება და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ვითარებაზე, – დაწერა ზელენსკიმ. 

ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა.

კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ისრაელიდან დაბრუნებული ქართველები დეტალურად იხსენებენ, როგორ განვითარდა მოვლენები “ჰამასის” თავდასხმის დაწყების შემდეგ.

მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობითჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.

ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ  500-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.

ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა.

რაც შეეხება ბოლო ცნობებს კონფლიქტის ზონიდან, ამ დროისთვის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ღაზისა და აშკელონის მაგისტრალზე. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ისრაელის სამხედრო დანაყოფებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ჯერ არ აქვთ დამყარებული.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის  2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. ასევე, დაშავდა ერთი პირი. როგორც BBC წერს, პოლიციელმა ქალაქში ისრაელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.

The Times of Israel ებრაულ და არაბულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი. RT Arabic-ის წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. მისივე თქმით, ათეულობით პირი ტყვედ აიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მათი სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები.

“ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან. ბევრ ქალაქში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან. არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან”, – განაცხადა ჰაგარიმ.

BBC-ის ცნობით, “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს და სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.

ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

​ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, შეატყობინონ.

“ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე. პრაქტიკულად ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დილით, ადრე, ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო.

ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისრაელის პოლიციასთან. არ არის ასეთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი…

საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან…ისე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამოდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ, საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან…თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს, საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე გთხოვთ, რომ შეგვატყობინოთ, ” – ამბობს ჟვანია.

მისივე თქმით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს: +972526919092;  +972 52-8888513; +972 54-7386813.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მიიღეს “ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია,” რომლებიც მიზნად ისახავს “ჰამასისა” და “პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას.”

“ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც ჰამასის თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე,” – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, “ჰამასს” დააკარგვინოს უნარი და სურვილი, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს.

“ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ,” – თქვა ნეთანიაჰუმ.

დილის მდგომარეობით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა უცნობია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელზე თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების თქმით, ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

“აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

7 ოქტომბერი

ისრაელის სამხედროების თქმით, ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იონატან სტეინბერგი, 7 ოქტომბრის დილას, ჰამასის ტერორისტებთან შეტაკების დროს კერემ შალომის რაიონში, ღაზას სექტორის საზღვართან დაიღუპა.

42 წლის სტეინბერგი, სამხრეთ ქალაქ შომრიიდან, შეტაკების ადგილისკენ მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტერორისტმა მოკლა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და მოუწოდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს “რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს” ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და “გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად”.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.

შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

+972526919092;
ან +972 52-8888513
და +972 54-7386813.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share