ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მისასალმებელია რამდენიმე შესწორება, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში და შემდგომ სექტემბერში პროექტების სახით მიიღეს, თუმცა, ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები კვლავ არ არის გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიაში მიაჩნიათ, რომ მთავარი გადაუჭრელი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმაა – რომლის მიმართ გაცემული რეკომენდაციებიც ასევე არ არის შესრულებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო რეფორმა გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე დაიწყოს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსური რეფორმა გულისხმობს ეფექტურ რეაგირებას მუდმივ ბრალდებებზე, რომლებიც საბჭოს არასაკმარის კეთილსინდისიერებას შეეხება; საბჭოს უფლებამოსილების გადახედვას, ფუნქციების, გადაწყვეტილებების მიღების წესსა და წევრების არჩევის წესს. კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები ამ რეკომენდაციას არ დააკმაყოფილებს. რეფორმების პროცესი უნდა იყოს დეტალური და ინკლუზიური, მასში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული”, – წერია დასკვნაში.