დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია შეიძლება, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევას ასახელებს.

“ჩვენ მაისის თვეში დავინახეთ, რომ ლიზენზიატის მხრიდან არ სრულდებოდა სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ, მოცემულ შემთხვევაში, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაატარა ყველა ზომა კანონმდებლობის შესაბამისად, – განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

“ამ გეგმის წარმოდგენა, მათ შორის, მოსახლეობასთან განხილვებსა და აქტიურ განხილვებს ითვალისწინებს. არც ერთი ეს ვალდებულება არ შესრულდა”, – განმარტავს ის.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

“ეს ეტაპი და ეს პროცესი გრძელდება, ბუნებრივია და განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ასევე, გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვასაც, ბუნებრივია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსის შექმნაზე, ეს ვერ იქნება თანხვედრაში ამ ტიპის საქმიანობასთან”, – აღნიშნა მან.

***

უკვე რამდენიმე კვირაა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა – 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share