საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს შეერთებული შტატების სანქციებს. გარდა ამისა, ელჩი საუბრობს იმაზეც, თუ რატომ მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში.
ელჩი აღნიშნავს, რომ ზოგი სანქცია ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, ზოგი კი კორუფციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ელჩის თქმით, როდესაც აშშ-ის მიერ სანქცირებული პირები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს სასარგებლო ინფორმაციაა მთავრობისთვის კორუფციის შესაძლო შემთხვევების, ფარცხალაძის შემთხვევაში კი – FSB-სთან შესაძლო კავშირების გამოსაძიებლად.
“ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.
ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ”, – აღნიშნავს რობინ დანიგანი.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
თუმცა ერთი თვის თავზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა.