საქართველოს ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია აქვს, მაგრამ დათქმით, რომ ქვეყანა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 27 წევრი ქვეყანა, დეკემბერში მიიღებს და 27-ივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რაც შეეხება გადასადგმელ ნაბიჯებს, 9 ვალდებულებიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. მაგალითად, ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე. ასევე, ახალ ვალდებულებად არის განსაზღვრული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბოლო შეფასებებით, ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც რამდენიმე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. ძველი ვალდებულებიდან კი ისევ არის დარჩენილი შემდეგი საკითხები: პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება და საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება და დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება. რას ნიშნავს ევროკომისიის ეს რეკომენდაცია საქართველოსთვის, რა გვაქვს გასაკეთებელი და იმ პირობებში, როდესაც ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც კი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მხოლოდ საკუთარ დამსახურებად გამოაცხადა და ერთმანეთის ლანძღვით აღნიშნა, ამ პირობების შესრულების რა შანსი გვაქვს, როდის შევძლებთ და რაზე იქნება დამოკიდებული ახალ ეტაპზე გადასვლა, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ.
– როგორც ყველა ვხვდებით, ეს გადაწყვეტილება იყო გეოპოლიტიკური ხასიათის და იყო ქართველი ხალხისთვის დიდი მხარდაჭერა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი ეყრდნობა სხვადასხვა ფასეულობასა და ვალდებულებას, და იციან, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, ეს ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეასრულეს, ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებს დრო უნდა მისცენ შესასრულებლად, მითუმეტეს, ამ ვალდებულებებიდან ნაწილის მაინც ასე მოკლე დროში შესრულება ცოტა არარეალური იყო. ზოგთან დაკავშირებით საჭიროა პოლიტიკური ნება და პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წელს არჩევნების ჩატარება, თუ როგორ ჩაივლის, რამდენად დემოკრატიული იქნება და ამის შემდეგ მოხდება შეფასება.
– ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და საკვანძო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ინსტიტუციების გაძლიერებაზე ისევ მითითება მეტყველებს თუ არა დემოკრატიულობის მწვავე პრობლემაზე და ეს ერთპარტიული ხელისუფლების პირობებში როგორ უნდა მოგვარდეს?
– არჩევნებზე რა მოხდება, არ ვიცით. დარჩენილ პერიოდზე თუ ვიმსჯელებთ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, ერთპარტიული ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელია ყოველივე ამის გაკეთება?
– აი, აქ კი გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა, რადგან სტატუსი სწორედ ხალხს მოგვცეს და ჩვენზეა დამოკიდებული ისევ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. თუ ბოლო წლების საზოგადოებრივი აზრის კვლევებს გადავხედავთ, ამომრჩეველში არის კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების სურვილი, რათა არც ერთმა დიდმა პარტიამ არ მიიტაცოს ხელისუფლება და შემდეგ არ მოხდეს უზურპაცია ვიწროპარტიული ინტერესებით. მაგრამ ამისთვის ამომრჩეველმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ სულ ერთ პარტიას ვაძლევთ ხმას და მოვიდა დრო, ცოტა მეტი სიმწიფე გამოვიჩინოთ და გადავანაწილოთ ხმები სხვადასხვა პარტიაზე. იძულებული გავხადოთ პარტიები, ერთად იმუშაონ და არც ერთ მათგანს არ ჰქონდეს ძალაუფლება. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჩვენთვის და ევროკავშირისთვისაც, რადგან ევროკავშირი კონსენსუსის მომხრეა. ცხადია, ეს ადვილი არ არის, პარტიებს ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ იძულებული უნდა გახდნენ, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ, როგორც ევროპაში ხდება.
– კი ამბობთ, რომ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მაგრამ გვყავს კი ისეთი ოპოზიცია, რომელიც ამის საშუალებას მისცემს ამომრჩეველს? ანუ ვინ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა?
– სამწუხაროდ, იდეალური პოლიტიკური კლასი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, შესაძლოა არ გვყავდეს, მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ბოლო წლებში არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის და ახლაც ამ პრინციპით უნდა მივცეთ ხმა, რათა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს დიდი უპირატესობა – ეს არის ახლა მთავარი. დღეს პრობლემაა ხელისუფლების უზურპაცია, რასაც მოჰყვება ხოლმე დემოკრატიიდან გადახვევა.
– მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს რომ გადავხედოთ – ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარ დამსახურებად გამოაცხადა, ოპოზიციამ პირიქით და ხელისუფლების ლანძღვა გააგრძელა. ასეთ პირობებში მათი თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?
– დღევანდელი ოპოზიციის ყველაზე დიდი ნაკლი, ფრაგმენტაციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი კი ის არის, რომ არ სურთ თანამშრომლობის ახალი ფორმების გამონახვა, რადგან პირადი ამბიციები და კიდევ სხვა ფაქტორები, იდეოლოგიური თუ სხვა სახის შეუთავსებლობა, უფრო წინ მოდის და არ ცდილობენ, ილაპარაკონ იმაზე, რაც მათ გააერთიანებს. ასეთ დროს, ცხადია, თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება, მაგრამ თუ მათ და განსაკუთრებით პატარა პარტიებს, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ, სურთ რელევანტური დარჩნენ, რაღაც ახალი გზები უნდა გამონახონ. თუნდაც იმ პარტიებს და იმ ლიდერებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ფიქრობენ, რომ ხალხის ერთი ნაწილი ამის გამო მათ მხარს დაუჭერს და ეს გაამართლებს თუ არა, ალბათ, არჩევნები გამოაჩენს. ვნახოთ, წინ კიდევ დაახლოებით ერთი წელია.
ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება როგორ მოიქცევა, დაუშვებს თუ არა შეცდომებს, რამაც შეიძლება საზოგადოებრივი აზრი შეცვალოს მის საწინააღმდეგოდ. იმ ხისტმა რიტორიკამ, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებას” ახასიათებს, საეჭვოა, ისევ იმუშაოს. ეს ერთი წელი ბევრ რამეს კარგად გამოაჩენს. იმაზე ლაპარაკი, ევროკომისიის დასკვნა ვისი დამსახურებაა და ვისი არა, არ არის საჭირო. მთავარია, დასკვნა არის და ახლა საჭიროა ამომრჩევლებთან მუშაობა, რათა ზუსტად გაიგონ, ამ ადამიანებს რა სჭირდებათ, რა სურთ. რეგიონებში იარონ, ხალხს შეხვდნენ, ელაპარაკონ. დღეს თითქოს ვაშინგტონსა და ბრიუსელში სიარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომრჩეველთან შეხვედრა. არჩევნებში ხმას ბრიუსელი და ვაშინგტონი არ აძლევთ. თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში არც ეს არის ადვილი, რადგან რამდენიმე პარტიის რეგიონებში გასვლას ხელისუფლების აგრესიულობა მოჰყვა. დაუშვებელია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ფაქტობრივად არ ეძლევათ წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში ჩატარების საშუალება. ოპოზიცია მაინც უნდა შეხვდეს ამომრჩეველს და რაც მთავარია, კი არ დამოძღვროს, რა გააკეთონ, არამედ მათი აზრი მოისმინონ. რაც მთავარია, ამაზე უნდა იმუშაონ მთელი წლის განმავლობაში და არა რეგიონში ერთი ან ორი ჩასვლით, ან არჩევნებამდე სამი-ოთხი თვით ადრე, როცა ამომრჩეველს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
– ახალ ვალდებულებებში ევროპულ ღირებულებებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის პარალელურად არის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება, რომლის მაჩვენებელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ხელისუფლების განცხადებების შედეგი და რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით? მხოლოდ რიტორიკის შეცვლა საკმარისი იქნება, თუ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთება დაგვჭირდება?
– ცხადია, დეზინფორმაციის ნაწილი კონკრეტულად ხელისულებას ეხება, რადგან მისი წევრები და ის ჯგუფები, ვინც მათთან თანამშრომლობენ, ევროპული ფასეულობების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ასე კი, ცხადია, არ გამოვა, რადგან შეუძლებელია თან ევროკავშირში გინდოდეს შესვლა, თან ლანძღავდე და ამას წინასაარჩევნოდ იყენებდე. ამას არც ევროკავშირი დაუშვებს და ამიტომ ჩასვეს ვალდებულებად, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს დეზინფორმაციის წყარო, პირიქით, დეზინფორმაციას უნდა ებრძოდეს. რაც შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრას, ეს სენსიტიური თემაა და დეოკუპაციის პოლიტიკასთან არის მიბმული. მთავარია, თანხვედრის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს, მითუმეტეს, კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან, რომ შესაბამისობაში უნდა იყოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მოკლედ, ბევრი სამუშაოა, რათა რამენაირად ავუწყოთ ფეხი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი აშშ-სთან ერთად წლების განმავლობაში გვეხმარებოდა და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, მათ გარეშე ვერაფერს მოვახერხებდით. ცხადია, კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლება თავშეკავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს შეთანხმებული უნდა იყოს ევროკავშირთან.
– რა მოლოდინი გაქვთ, საქართველოს მოსთხოვენ, რომ მიუერთდეს სანქციებს? ეს ხომ ეკონომიკურ პრობლემებს შეგვიქმნის?
– არა მგონია, მოკლევადიან პერსპექტივაში სანქციებთან მიერთება პირდაპირ მოითხოვონ. ალბათ, მოითხოვენ, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული და ამაზე ეჭვიც კი არ უნდა არსებობდეს. ბოლო დროს ამაზე ეჭვობდნენ და ამიტომ იყო, რომ აშშ-დან და ევროკავშირიდან დელეგაციებიც იყვნენ ჩამოსული. საქართველოს ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს. ევროკავშირს ესმის, რომ ეკონომიკური ურთიერთობა არსებობს, რომლის გარეშე ქვეყანა დაზარალდება, მითუმეტეს ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია. თუმცა არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაილახოს. მაგალითად, ავიაფრენები რუსეთთან წლების განმავლობაში არ გვქონდა, მაგრამ ამის გამო ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოშლილა. აი, ასეთ რაღაცებს უნდა მიაქციონ ყურადღება. არ უნდა დავტოვოთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვთანამშრომლობთ რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ხელისუფლებებთან.
– ჩავთვალოთ, რომ დეკემბერში სტატუსი ოფიციალურად მოგვცეს, ამ ერთი წლის განმავლობაშიც ყველაფერი წავიდა ნორმალურად და არჩევნებიც სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, არის შანსი, რომ მომავალი წლის ბოლოს უკვე გაწევრებაზე მოლაპარაკება დაიწყოს? მოლაპარაკების დაწყება რაზე იქნება დამოკიდებული?
– მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან ყველა დაიღალა როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთაც. ამიტომ, თუ რაღაც ცვლილება არ მოხდა, თუ ხელისუფლება არ შეიზღუდა, მინიმუმ, კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდა და ხელისუფლებაში ისევ ერთპარტიულად “ქართული ოცნება” დარჩა, ვეჭვობ, წინ წავიდეთ. სამწუხაროდ, ამ პარტიის და მისი ლიდერების ქცევა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდება. ისინი არ იცვლებიან, პირიქით, რაც დრო გადის, ხელისუფლება მით უფრო ავტორიტარული ხდება. ამიტომაც თუ გვინდა რაღაც შევცვალოთ, ხელი უნდა შევუწყოთ მრავალპარტიულ სისტემას, სადაც რეფორმების გატარების მეტი შანსი და სტიმული იქნება.
კვირის პალიტრა