საღებავი, რომელსაც დიზელის წარმოებისას იყენებენ, სანელებლებში აღმოაჩინეს

წითელი წიწაკა, აჯიკა, ტომატი, ტყემალი შესაძლოა, კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავდეს!

საღებავი, რომელსაც დიზელის წარმოებაში იყენებენ, სანელებლებში აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები საგანგაშოა. აგრარულ ბაზრებთან ერთად, შემოწმებულია სუნელების მწარმოებელი კომპანიებიც. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებულ პროდუქტში, აღმოჩენილია სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელი ნივთიერება – სუდანი!

ქართულ ბაზარზე, სუნელებში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები, ისევ გამოჩნდა.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების შემცველობა, საწებელებსა და სანელებლებში ლაბორატორიული კვლევებით დგინდება. სახელმწიფო უწყების გარდა, პროდუქტების უსაფრთხოებაზე შემოწმებას კომპანიები და კერძო დამკვეთებიც ატარებენ, ამიტომ, ექსპერტიზის ბიუროს სტატისტიკაში კიდევ უფრო მეტი დარღვევაა.

თავად მომხმარებელი სუდანის შემცველ საწებელებს შეუიარაღებელი თვალით ვერ ამოიცნობს, თუმცა აკრძალული საღებავით შეფერილი ნედლეულის ანუ თავად სუნელის ცნობა, შესაძლებელია – მისი არაბუნებრივად მკვეთრი ფერით.

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის მოტივიც ეს არის, მიიზიდოს მყიდველი მომხიბვლელი ფერით. სუდანის ჯგუფის საღებავები – ის ტოქსიკოლოგიაში განიხილება როგორც განსაკუთრებულად საშიში ნივთიერება.

ქართული სამზარეულოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა განურჩევლად ასაკისა, სანელებლებისა და საწებელების ხშირი მომხმარებელია, ამიტომ, საეჭვო პროდუქტების მიღებისგან, თავის შეკავებას გვირჩევენ ექიმები.

სუდანი სუნელებში ქართულ ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ საშიშ მინარევს გამოკვლეული ნიმუშების 90 პროცენტი შეიცავდა. დარღვევა იყო, როგორც იმპორტირებულ სანელებლებში, ისე საქართველოში წარმოებულ პროდუქტშიც. დაიხურა ადგილობრივი საწარმოები, სადაც სუნელის ნაცვლად დაფქულ თივაში გარეულ წითელ სუდანს აწარმოებდნენ.

გამკაცრებული ზომების ფონზე, სუდანის ჯგუფის საღებავები სუნელებში ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ დაფიქსირებულა. გასული კვირის მონიტორინგმა კი დარღვევები ისევ აჩვენა. მაკონტროლებელი ორგანო ქვეყნის მასშტაბით შემოწმებას მომდევნო პერიოდშიც გეგმავს. მომხმარებელს კი მოუწოდებს, არ შეიძინოს არასანდო რეალიზატორისგან, საეჭვო შეფერილობის სუნელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share