ჯაპანის ციხე
.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გურიაში ადრეულ პერიოდში ციხე-კოშკები მრავლად იყო, ამ მხრივ არსებობდა ასე ვთქვათ სიმაგრეთა მთელი სიტემა, რომელიც პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელიც მთლიანობაში წარმოადგენდა დამცავი და სასიგნალო ნაგებობის ჯაჭვს, მაგალითად აჭარა გურიის სამხრეთ კალთაზე არსებული ციხეებით – ბუკისციხე, ღომიციხე, ასკანის ციხე, ლიხაურის ციხე, ალამბარის ციხე, ელიის ციხე (ჭახათი) და ა.შ. დაცული იყო სამხრეთ საქართველოდან გურიის მდინარეთა ხეობებში შემომავალი გზები.
.
არსებობს დასაბუთებული მოსაზრება, რომ გურიის ციხემაგრეთა უმეტესი ნაწილი აგებულია სპარსეთ ბიზანტიის დაპირისპირებისას, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და დასრულდა ე.წ. ეგრსის დიდი ომით (მე-6 საუკუნე), რა დროსაც ციხესიმაგრეები აგებული იყო სამხრეთ საქართველოდან შემომავალი გზების დაცვის მიზნით და მათი უმეტესობა მდინარეების ხეობებში შემომავალი გზებს იცავდა.
.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ნიგოითის ქედზე არსებული სიმაგრეთა და სასიგნალო ნაგებობათა სისტემა, ნიგოითის ქედი უმნიშვნელოვანისია კოლხეთის დაბლობზე გასასვლელად, რის გამოც ამ ქედს იცავდა ტოლების (ტელეფსისი) ციხე, შუხუთის ციხე და ა.შ. მათ შორის როგორც ირკვევა ჯაპანაშიც იდგა ციხესიმაგრე, რომლის შესახებაც წერილობით წყაროებში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.
.
ჯაპანის ციხის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მომაწოდა გურიის სიძველთა და ისტორიის მკვლევარმა ბატონმა გიორგი გრძელიძემ. რომლის მიხედვითაც ციხესიმაგრის ადგილს ჯაპანაში „ციხის გორას“ ეძახიან, სადაც არის ციხის უმნიშვნელო ნაშთები, რომელიც დაფარულია ეკალ-ბარდით, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით ციხეზე შემოსევების დროს ცეცხლს ანთებდნენ მოსახლეობის გასაფრთხილებლად, ასევე მათი თქმით ციხეს ჰქონდა გვირაბი. თავისი ადგილმდებარეობით ჯაპანაში არსებული „ციხის გორა“ სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამ ადგილზე ციხესიმაგრე იდგა.
.
რაც შეეხება თავად სოფელ ჯაპანის დასახელებას, წყაროებში დაფიქსირებული ტოიპონიმი “ჩობანი” (საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივში ინახება ლანჩხუთის რნ. სოფ. ჩობანის საეკლესიო მეტრიკული წიგნი), ასევე იმავე სოფელთან დაკავშირებით ფიქსირდება ტოპონიმი “ჭაპანა” (“ჭაპანი”).
.
საინტერესოა, რომ რუსების იმპერიაში გურიის ყოფნის დროს სკოლის მასწავლებელებს და მოსაწავლეებს ავალდებულებდნენ თავიანთ სოფელში არსებული ეთნოგრაფიულ-ისტორიული მასალების მოგროვებას, რომელიც ხშირად შემხვედრია ძველ ლიტერატურაში, რასაც სამწუხაროდ დღევანდელობაში ადგილი არა აქვს და საინტერესო იქნებოდა ასეთი პროექტის განხორციელება.
.
ფოტოზე – “ციხის გორა”; მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი გრძელიძეს ჯაპანის ციხესთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ფოტოს მოწოდებისათვის.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა