“მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, პრიგოჟინის ბედს გავიზიარებ”, – ამის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერი, იგორ გირკინი საუბრობს. მის განცხადებას NEXTA ავრცელებს. გამოცემა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გირკინის საქმის ყველა მოსმენა დახურულ რეჟიმში ჩატარდება და განაჩენის გამოტანამდე პროტოკოლური გადაღებაც აკრძალული იქნება.
“მე პრიგოჟინის ამბოხებიდან ერთი თვის შემდეგ დამაპატიმრეს. ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, პრიგოჟინის მსგავსად “ამნისტია” მომიწევს”. – ამბობს გირკინი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი), 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამჟამად კი ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც.
გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის გამო კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა. ივნისში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, გირკინმა თქვა, რომ პუტინმა პოსტი უნდა დატოვოს.