“როდესაც დავბადებულვარ, მთელი სოფელი ისროდა თურმე თოფს, მერე თქვეს ცოტა ხმაურიანი ადამიანი იქნებაო” – ასე დაიწყო ლადო აფხაზავამ თავის განვლილ რთულ გზაზე საუბარი გადაცემაში “დილა უქმეებზე”.
ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს; გასაჭირში მყოფი ოჯახისთვის ერთადერთ იმედად დარჩენილი თხიდან, ბიბისის გადაღებაზე დახეული ფეხსაცმლით მისვლამდე.
ბავშვობა და ოჯახის იმედი ერთადერთი თხა-რომელიც ვერა და ვერ გაიყიდა.
“მცირე შემოსავლიანი ოჯახი ვიყავით, ამიტომ მშობლებმა მითხრეს: “უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე შეიძლება ფული ვერ გადავიხადოთ”. ერთი თხა გვყავდა, რომელსაც ყველა გაჭირვების და პრობლემის დროს ყოველთვის ვყიდდით, იმდენჯერ გავყიდეთ ეს თხა და ვერ გაიყიდა. ამ თხით უნდოდათ პრობლემების მოგვარება ჩემს მშობლებს. ინგლისურზე დავიწყე მომზადება-კარგი დედა იმეცადინე, ამ თხას გავყიდით. მეორე და მოვიდოდა, რაღაცა მინდა გავაკეთოო-კარგი ამ თხას გავყიდი…ეს თხა ვერასდროს ვერ დავიჭირეთ და ვერ გავყიდეთ”.
“ცუდი მოსწავლე” და გადაწყვეტილება ცვლილებებზე
“ტექნიკურ საგნებს ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ იყო საგნები, რომელშიც ორიანიც კი არ მეკუთბნოდა. იმ დროინდელ სკოლაში თუ ბავშვი ასეთი არამდგრადი იყო და ყველა საგანს კარგად არ სწავლობდა, რატომღაც იყო ცუდი მოსწავლე, ამიტომაც ვერ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პედაგოგიურზე ჩამებარებინა. გულის ტკენები, რაც მივიღე მოსწავლეობის დროს, მინდოდა შემდეგ რაღაც ცვლილებები მომეხდინა”.
ოჯახური ტრაგედია
“წარმატებების უკან ძალიან ბევრი დაბრკოლებები იყო, თუნდაც შეურაცხყოფა. რთული ცხოვრებაც იყო, იმიტომ რომ ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია იყო. დედა გარდაიცვალა, მერე ერთი წლის თავზე მამაც, ნერვიულობით. დედაჩემის გამო თავი ჩამოიხრჩო. ამ ყველაფრის გადახარშვა, თუნდაც მამაჩემის ჩამოხსნა იმ თოკიდან…ეს ყველაფერი ჩმი ხელებით მოხდა. რატომღაც იყო ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც ძალიან მაგრად წავიქცეოდი. მაგრამ, რა ძალა მაყენებდა ფეხზე და რატომ მივდიოდი ასე წინ, მართლა არ ვიცი”.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
“შემთხვევით მოვხვდი, სადაც პრეზენტაციას აკეთებდნენ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო იწყება, სადაც უნდა გამოვავლინოთ საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი. უზარმაზარაი დარბაზი იყო, ბევრი მასწავლებელი ესწრებოდა. დარბაზს გადავხედე და გავიფიქრე, ნეტა ვინ იქნება აქედან? არასდროს არ მიფიქრია, რომ ეს მე ვიქნებოდი. ჩემთვის საკმარისი იყო, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის მოვხვდი. ეს იყო ჩემთვის თითქმის გამარჯვება. მოგვივიდა ცნობა, რომ ვიყავით ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის და უცებ რადიკალურად იცვლება ჩემი ცხოვრება. უცებ მომიწია ისეთ პრობლემაზე გადაჭრის ფიქრი, რომელზეც არ მიფიქრია”…
დახეული ფეხსაცმელით ბიბისის გადაღებებზე
“გადაღებაზე ჩამოდის BBC, ფეხსაცმელი არ გაქვს. არ ვიცი გადაღებაზე ვინმე დააკვირდა თუ არა ამას, ფეხი მონგრეულად მიდევს, რადგან ერთ მხარეს ტუფლები გამოხეული იყო”.
გადარჩენილი სიცოცხლე
“ჩემი ყოფილი ისტორიის მასწავლებელს, მაშინ როდესაც ეს კონკურსი მიმდინარეობდა, ებრძოდა სიმსივნეს და ეს მიღებული 10 ატასი ლარი გავუყავი შუაზე. ყველაზე გახარებული მეორე დღეს ვიყავი. ნუნუ მასწავლებელი არ მოსულა სკოლაში და მივხვდი, რომ მან დაიწყო სიცოცხლისთვის ბრძოლა”.
პედაგოგების კრიტიკა-თამაში ლადოს გაკვეთილზე
“ჩემთვის ძალიან ძვირფასი პედაგოგები მაკრიტიკებდნენ და ამბობდნენ-აუ, ლადოს გაკვეთილი აქვთ ბავშვებს? ალბათ კარგად ითამაშებენ. ამ თამაშში ისინი სხვადასხვა უნარ-ჩვევებს და კარგ ცოდნასაც ღებულობდნენ”.
პანდემია და სახლში გამოყვანილი მცენარები
“პანდემიის დროს ეს მცენარეები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შემდეგ გაგვეყიდა და ბავშვებისთვის გვეყიდა ინტერნეტო. 700-მდე ბავშვს დავეხმარეთ. ისებიც გავახარეთ, ბავშვების გულიც და მეც გავიხარე ამით”.
სკოლა, ადგილი რეალური ცვლილებებისთვის
“ჩემთვის სკოლა არის ადგილი, სადაც შეიძლება ცვლილებები მოახდინო. შეცვალო როგორც სხვები, ასევე საკუთარი თავი. ეს არის ადგილი, სადაც შენგან ელოდებიან, რომ ისინი მოამზადო მომავალი ცხოვრებისთვის. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები თავისუფლების მოყვარული ადამიანები იყვნენ. ერთმა ჩემმა მოსწავლემ მითხრა ასეთი სიტყვები-ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლებაო და იმ დღეს ვიყავი ყველაზე ბედნიერი”.