ვინ როგორ შეხვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
“ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ”, – ასეთი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადი მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. პრემიერის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ფაქტია, რომელიც ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს შეასრულებს. ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
“დიახ, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. პრაგმატული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ახალი შესაძლებლობები ეხსნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა აუცილებლად გავხდებით. ამხელა ქვეყანაა თურქეთი და ამდენი წელია კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის კავშირის წევრი…”
მაკა ჩიჩუა, ყოფილი პირველი ლედი:
“ეს არის პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც დიდი დატვირთვა აქვს და ძალზე სასიხარულოა. როგორც იქნა, რაღაც მძიმე ბარიერი გადავლახეთ, მძიმე კარი შევაღეთ, ამის შემდეგ კი უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით მოგვიწევს გაგრძელება… მეტი მობილიზაცია, რეალობის გააზრება, ჩვენი პარტნიორებისგანაც და არაპარტნიორებისგანაც უფრო მეტი შიშიც შეიძლება იყოს. არ ვიცით, რა როგორ წარიმართება, თუმცა ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გადადგეს, მართლაც უნიკალურია – ისეთი, იმედის ნაპერწკალი რომ გაჩნდება. ახლა საწყისი ეტაპია და შემდეგ კიდევ უფრო მეტი რამ გაირკვევა, შევძლებთ თუ ვერა, ამხელა ნდობა გავამართლოთ…”
მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური:
“საქართველო წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ურყევად მიიწევს წინ. სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ასეა თუ ისე, ყველაფერი კარგად დამთავრდა, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც. ამ ამბავმა ჩვენც დიდი მოტივაცია მოგვცა. დავრწმუნდით საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, დაღვრილ სისხლს ამაოდ არ ჩაუვლია…”