თედო სახოკია – მგზავრის წერილები VIIსოფელი ეწერი და რუსები გურიაში
უნუგეშო მომავალი. – სახელმწიფო ბანკი. – ჩვენთა თავად-ზნაურთა მოსალოდნელი უმამულობა. – ჩვენი უზრუნველობა მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის. – რისი პატრონია დღეს გურული გლეხი? რის პატრონი იქნება? – სად უნდა გადასახლდეს გურული? ვინაობა ეწერლებისა. – მათი ძალა და უნარი. – მათი სოფლის საზოგადო სახე. – ასიმილაცია. – მაგალითი წაღვერელებისა. – რაოდენობა რუსებისა გურიაში.
დარწმუნებული ვართ, რომ უმეტესმა ნაწილმა მკითველებისამ არც კი იცის, გურიაში გურულების მეტი თუ სხვა ტომის ხალხიცა სცხოვრობს, თუ სხვა ხალხიცა სტკბება აქაური ლაჟვარდი ცის ყურებითა. მე ცოდვილიც უნდა გამოვტყდე, რომ მეც ამ აზრისა გახლდით. გარნა გასაკვირველიც არ არის ეგ უცოდინარობა. ვინ საიდან რა უნდა იცოდეს, როცა ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში დღესაქამომდე ხმა-კრინტიც არავის დაუძრავს, ამის აღნიშვნა საჭიროდ არავის დაუნახავს!
მე მოგახსენებთ, სოფ. ეწერზე, სადაც, ეს ათი წელიწადია რუსები დასახლდნენ. იქნება, ასე შეუმჩნეველი იმიტომ დარჩენილა ეს სოფელი, რომ თვალსაჩინოს არას წარმოადგენს არც მისი სივრცე, არც შიგ დასახლებულთა რიცხვი, აღარც მათი წარმატებული, გინა გარეშეთათვის წასაბაძი, სამაგალითო და სახარბიელო ყოფა-ცხოვრება. დიაღ, იქნება ეს იყოს მიზეზი ხსენებულ სოფლის ასეთი უჩინარობისა, მისი დავიწყებისა. მაინც რა მიზეზიც უნდა იყოს, აღუნიშვნელობა, გვერდით ავლა იმ ფაქტისა, რომ გურიაში გურულების გვერდით გვერდით არა-გურულებიცა სცხოვრობდნენ, რომ ისინიც იკიდებენ ფეხსა აქაურ მიწა-წყალზედ, ცოდვად მიგვაჩნია…
ასეთი სოფელი დღეს ერთია გურიაში, ხვალ კი ათი და ოცი მოემატება. ხოლო ეს სწორედ იქ უნდა მოხდეს, სადაც ადგილობრივსა მკვიდრს, რომელსაც მთელი საუკუნეობით უცხოვრია აქა, მიწა ჰყოფნის სახნავ-სათესად; ეს იქ უნდა მოხდეს სადაც ადგილობრივი მკვიდრი დღეს არა, ხვალ იძულებული გახდება კერა მოიშალოს, აიყაროს, ბავშვობითვე შეზრდილს მიწა-წყალს თავი ანებოს და, ვინ იცის, სად უნდა ეძებოს დასახლ-დასაკარებელი მიწა, რა პირობებში უნდა ჩადგეს! და ვინც იცნობს ქართველ კაცის ხასიათს, მის ნიშანდობლივს თვისებას, ვინც იცის ქართველი კაცისათვის რა მწარეა კერის მოშლა, ფუძესათვის თავის დანებება, მხოლოდ იმას მიხვდება სავსებით, რა მწარე გურულისათვის ასეთი პერსპექტივა…
ამ ჟამად საგუბერნიო ადმინისტრაცია იმის ცდაშია, ზედმიწევნით აღნუსხოს რაოდენობა სახელმწიფო მიწებისა გურიაში, რომ ზედ დაასახლონ რუსეთიდან გადმოხვეწილი უმიწაწყლო იჯახობანი. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ აქაური მემამულენი, განსაკუთრებით მას აქეთ, რაც ტფილისში სათავად-აზნაურო სახელმწიფო ბანკის განყოფილება გაიხსნა, როგორც სხვაგან ჩვენში, იმის ცდაშიღა არიან ჩემმა მეზობელმა მამულის დაგირავება არ მომასწროსო. თითქო ეშინიათ, ვაი თუ ბანკს ფული შემოელიოს და ჩვენი მამმული არ დაიგირავოსო. მით უფრო ხალისით აგირავებენ მამულებსა, რომ ფულს იმდენს იღებენ, რამდენს მაშინაც კი ვერ აიღებდნენ, ხელ-აღებით რომ გაეყიდნათ. ან, ჩვენში შეძლებული ვინ არის ორი-სამი ათას დესეტინიანი მამული იყიდოს! მემამულეებს ფული იმ განზრახვით გამოაქვთ, რომ ბანკს ფული უკან აღარ დაუბრუნონ. ან, თუ ჰფიქრობენ დაბრუნებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანანასავით მზამზარეულად ზეციდან ჩამოცვივდა ფული, ან კიდევ, თუ მათმა ბედმა იმუშავა და მათს მომგებიან ბილეთს 200,000 მანეთი მოგება ხვდა!… უეჭველია, 20-30 წლის განმავლობაში ეს მამულები სახელმწიფო ბანკში გადავა. ამას წინ არა უდგა-რა: არც ჩვენი ზრუნვა მომავალ თაობის კეთილდღეობის. მაშინ? მტერი ისე დაგიღონდესთ, ჩვენი გლეხი დაღონდეს და დაძმარდეს! მაგრამ მე თქვენაღა გკითხავთ, ცარიელს დაღონებასა და დაძმარებას როდის რა უშველნია, რომ ეს დაღონება, ეს დაძმარება გაგვიხდეს გაჭირვების ტალკვესად, უკვდავების წყლად, რომ ჩვენ დაგვედოს მტლად?! დავუფიქრებივართ ამას როდისმე? პასუხი საბედისწეროა, სამწუხარო: – არა! ან ძლიერ ცოტად. დიაღ, მაშინ ერთი გზაღა დარჩენიათ: სახლ-კარის მოშლა და სხვაგან ძებნა ბედისა. რა ვიცით, ყველაფერს უნდა მოელოდეს კაცი ამ მუხთალს სოფელში: იქმნება, ციმბირისკენაც დაუწყოს ძებნა მამულსა გურულმა გლეხმა, როგორც დღეს შიდა რუსეთის უმიწაწყლო მცხოვრებნი შვრებიან. რადა? იმიტომ, რომ გურულს გლეხს ერთი ან ორი დღიური მიწა თუ-ღა შერჩება. ჯერ დღეს გურიაში კაცის სულზე 5 დღიურიც თუ ძვლივს მოდის. ამათგან 1 დღიურიც მაინც უხმარი იქნება, ამათგან 1, 1/2 დღიური მთასა, ღრესა და ჭაობს ექნება დაჭერილი. ასე რომ, კაცის სულზე ერთი დღიური თუ მოდის, კარგი სახნავ-სათესად გამოსადეგი მიწა, ისიც კარგი ღვთისწყალობა იქნება! ეს დღეს, და რა დღე დაადგებათ აქაურებს 20, 30 ან 40 წლის მერე, როცა მცხოვრებთა რიცხვი ერთი-ორად იმატებს?…
რუსების სოფელი ეწერი ქ. ოზურგეთიდან სულ ვერსნახევრის მანძილზეა დასავლეთით, ოზურგეთ-ნატანების შოსეს მარცხენა მხარეს. გარეგნობით არაფრით არ განსხვავდება გურიის სხვა სოფლებისაგან. იგივე ფიცრული სახლები, ისლით ან ყავრით გადახურული, იგივე წკნელის ნალიები (სასიმინდეები), ოთხს მაღალ ბაჯგზედ შეყენებული, იგივე სიმინდის ყანები გარშემო, მხოლოდ ეწერელები უფრო მჭიდროდ, ჯგუფადა სცხოვრობენ, ქალაქის წესზე, ვიდრე გურულები. მთელს სოფელში 15 კომლია, მამრობითი სქესისა 38 სულია და მდედრობითისა – 28 ანუ სრულად 66 სული ორსავ სქესისა.
ყველა აქ დასახლებულნი ნაჯარისკაცელები არიან. სოფელი ეწერი ამ ათის წლინ გაუშენებიათ. ყველა მათგანმა იცის რაიმე ხელობა: დურგლობა, კასრის კეთება, მეწაღეობა და მ. სხ. სამსახურის ვადა რომ გასთავებიათ, სამშობლოში არ დაბრუნებულან. დარჩენილან ოზურგეთში და თავისი ხელობით დაუწყიათ თავის რჩენა. გაუვლია დრო-ჟამსა მთავრობისთვის უთხოვიათ, თავისუფალი მიწები მოგვეცით სახელმწიფო და ზედ დავსახლდებითო. ადმინისტრაციასაც შეუწყნარებია მათი თხოვნა და ეგრედ წოდებულს გურიანთის აგარაში, იქ სადაც ახლა სოფ. ეწერია მიუზომნია სამ-სამი დესეტინა მიწა, სულ 15 კომლისათვის 97,1/2 ქცევა. თუმცა იმავე ახალშენების გვერდით სახელმწიფო გლეხები ცხოვრობენ გურულები, რომელთაც ორი ქცევა მიწა ძვლივას აქვთ კომლზედ.
ვინც ეწერში დაესახლა, მთავრობას ყოველისავე საერო და სახელმწიფო გარდასახადისაგან გაუნთავისუფლებია, ფულადაც სამ-სამი თუმანი მიუცია კომლზე პირველ ხანს ხელის მოსამართავად, – მოეწყვეთ და გაშენდითო.
ათი წლის ვადა სრულიად საკმარისია გლეხისათვის, რომ ოჯახი ფეხზედ დააყენოს, მეურნეობა გააჩაღოს, მით უფრო, თუ სხვისგან შემწეობა და დახმარება ექნება, თუ ბეგარისაგანაც გაანთავისუფლებენ.
მაგრამ ეწერელებს არამცთუ მეურნეობა გაუჩაღებიათ, არამც თუ სხვისი წასაბაძი რამ შემოუღიათ, არამედ საქმე ისე წაუყვანიათ, რომ ლამის თავი დაანებონ იქაურობას და სხვაგან ეძებონ მიწა-წყალი.
მთელი სოფელი ექვს დღიურ მიწაზედ არის მოთავსებული. სახლები ფიცრულია, უმეტეს ნაწილად პატარები, ბუხრიანი, ისლით ან ყავრით გადახურული. საზოგადოდ, როგორც მოვიხსენიეთ, ამათი სახლები გურულების სახლებისაგან არაფრით არ განირჩევა. მხოლოდ ერთ მოსახლისათვის გულს ვერ მოუთმენია და რუსული ფაცხა გაუკეთებია წკნელისა, ტალახით გაუგოზავს შიგნითა და გარედ და მერე კრი წაუსვამს. ყოველ მეკომურის ეზოს 300-400 ოთხკუთ მხარის სივრცე ადგილი უჭირავს. ცდილან შიგ ხეხილი გაეშენებიათ. მაგრამ ჯერ ცოტაა, მხოლოდ ბალია აუარებელი და ისიც სქლად დგას, ასე რომ ნაყოფი კარგად ვერა მწიფდება მორეულ ჩრდილისაგან. ბოსტანში მზეუჭვრიტა და კომბოსტო აუცილებლად უნდა იყოს ეზოსა და ეზოს შუა თხმელის წკნელის ღობეა გავლებული, ისიც ზოგან გატეხილი, ზოგან წაქცეული.
ერთს ოჯახში შევედი. დამიხვდა შავგრემანი, მარილიანი სახის გურული დედა-კაცი -დიასახლისი. გარს ეხვეოდნენ ქერა, ცხვირ-აწეული ბავშვები, ღარიბულად ჩაცმულები. სახლი სადაც შევედი, ორ-თვალიანი იყო. ერთ ოთახში მამა სახლისა – რუსი დურგლობდა; შიგ ეწყო ხელსაწყო იარაღები, ნახევრად-დამზადებული ავეჯი, ზოგი გაშალაშინებული და ზოგიც გაუსალაშინებული ფიცრები. ხოლო მეორე ოთახში ეწყო: დაკონკილი ლოგინი, ორიოდ თეფში, გაშავებული მაგიდა, რომელზეც სამოვარი და ქეთლი იდგა. კუთხეში იდგა გურული გორიცა.
იამათ ჩემი მისვლა, სკამი შემომთავაზეს და ყველანი პარმაღზე ჩამოვსხედით. დედამ თავისს 11-12 წლის ქალს დაუძახა: „ცა, რამე ხილი მოუკრიფე სტუმარსაო“.
ვკითხე სადაურობა ჩამს მასპინძელს. რუსული არ დაჰვიწყებოდა, მაგრამ არც კარგად არ ახსოვდა. „ოცი წელიწადია, რაც სამსახური გავათავე; მომიყვა რუსულად, სამშობლო ჩემი რიაზანის გუბერნიაშია. არ წავედი, რადგან სახლში, ჯერ ერთი – დედ-მამა არ მეგულებოდა და მეორეც – სიღარიბე მომელოდა. მიწა ორი დესეტინა დაგვრჩა ორ ძმას. ერთი როგორც იქმნება, ხელს მოინაცვლებს ორის დესეტინათი, და ორისა კი რა მოგახსენოთ. ვარჩიე აქ დავრჩენილიყავ, – შევეჩვიე აქაურობას. ცოტა დურგლობა ვიცოდი. მერე ამას, რომ უყურებთ, – და თავის ცოლზე მიმითითა, – თვალში მომივიდა და ვთხოვე ცოლად გამომყოლოდა. ჯერ უარზე დადგა, რუსს როგორ გავყვეო, სირცხვილიაო. უნდა მოგახსენოთ აქაური ქალები ძალიან თაკილობენ ჩვენისთანების ცოლობას, ეშინიათ თოთქო კაცის-მჭამელები ვიყვნეთ. ახლა ისე არა და, ამ 15 – 20 წლის წინად, სოფელში რომ გაგვეარა, ყველანი წივილ-კივილით შინ იმალებოდნენ ჩვენს ნახვაზე: „რუსი მოდის, რუსიო!“ რისამე ყიდვა რომ გვდომებოდა, თუ არ 5-6 კაცი, ისე ლაპარაკს ვერ გვიბედავდნენ. ზოგს იარაღი ეჭირა ხელში. ბავშვი რომ ატირდებოდა, დედა შესაშინებლად ეტყოდა: „ნუ სტირი, თვარა რუსი მუა და შეგჭამსო“. ჰო-და იმას მოგახსენებდით, ჩემი მარიკა ჯერ უარზე დადგა, არ უნდოდა გამომყოლოდა. მაგრამ მერე კი დამთანხმდა. ჩემსავით უდედ-მამო იყო, გაჭირვებული. რუსული სულ არ იცოდა, მე კიდევ – ქართული, მაგრამ, როგორც იყო, ერთმანეთს მუნჯურად ვაგებინებდით, რაც გვინდოდა. მერე ცოტა რუსული იმან ისწავლა, მეც ქართული ვისწავლე და მას აქეთია მოგვაქვს ჩვენი დღე.
„ჩემსავით დარჩენილები ვინც ვიყავით ოზურგეთში, შევიკრიბენით და მავრობას ვსხთოვეთ თავისუფალი მიწა მოეცა ჩვენთვის დასასახლებლად. გამოგზავნეს მიწის-მზომელი და, რასაც ახლა ხედავთ, ეს მიწა მოგვიზომეს. მაშინ აქაურობა გვიმრას მიჰქონდა, მაგრამ ახლა როგორც არის, ცოტათი გავსწმინდეთ. დიაღ, მიწა მოგვცეს, მაგრამ რად გინდათ, წითელი მიწაა, „ძაბუნი“. მოსავალი ნაკლებ იცის; ყველაფერს შემოღობვა უნდა, თხრილის შემოვლებაა საჭირო, ამას კიდევ ხარჯი და ჯაფა უნდა. თორემ ისე საქონელი ყველაფერს გაგვიოხრებს. ერთმანეთს რომ მხარს ვაძლევდეთ, კიდევ არაფერი. მაგრამ ხათაბალა ის გახლავსთ, რომ ერთი ალთას გაიძახის, მეორე – ბალთას… სმაზე ხელი ვერ ავიღეთ. გურულებს კი სმა ეჯავრებათ. ჩენი ცოლები სულ იმას გვეჩხუბებიან, რადა სვამთო?… სიმინდს სამყოფს ვერ ვიწევთ. იძულებულნი ვართ სხვაგან ვიმუშავით და 1/3 ნამუშევრისა ვაძლიოთ პატრონს. ვჯახირობთ ასე. მაგრამ მაინც გული არ გივდგება, უნდა ავიყარნეთ აქედან… გავიგეთ ბატონო, აფხაზეთში აფხაზები გადარეკეს და იმათი ადგილები რუსებს უნდა დაურიგონო. შემოდგომაზედ ჭირნახულს, რომ ავიღებთ, ერთი ხუთი მანეთი სადმე უნდა ვიშოვნო და წავიდე იმ ადგილების სანახავად. მეცა და სხვებსაც თუ მოგვეწონა, უეჭველად უნდა გადავესახლოთო“.
ამნაირად ლაპარაკობდნენ ყველა აქაური რუსები. ყველას გული აეყარნა აქაურობაზე; ყველა სიღარიბეს უჩივოდა.
ამათი ლაპარაკი მეტად აჭრელებულია. ქართული ყველამ იცის. ერთი რუსი ვნახე გვარად სანდალოვი იყო, დიდის ხნიდანვე აქ-დარჩენილი. თითქმის წმინდადა ლაპარაკობს ქართულს, მხოლოდ კილოს უქცევს ცოტათი და პაჭუა, ჩრდილოეთის მცხოვრების ნიშანდობლივ ცხვირზე ეტყობა, რომ სამხრეთის შვილთან საერთო არაფერი არაფერი აქვს. ბავშვები კი ყველა წმინდა ქართულს ლაპარაკობენ, გურული კილოთი, სხპა-სხუპით. ამათგან ათში ერთმა თუ იცის რუსული. მინდორზე მთელი ხროვა თამაშობდა ამ სოფლის გოგო-ბიჭებისა.
აშკარად ეტყობა მთელს სოფელს გადაგვარება. ერთი მოდგმა საკმაოა, რომ შვილებს მამისა მარტო გვარები შერჩეთ. ჯერ ახლაც სახლის უფროსები ზნე-ჩვეულებას აქაურს მისდევენ, ქართულის სწავლას არ თაკილობენ: „ქართული გვჭირია, ბატონო, – მითხრა ერთმა, ჩვენი ცოლების სამშობლოში ან მეზობლებში, რომ გადავალთ, უქართულოდ ვერას გავხდებითო.“ ტანისამოს ჯერ ისევ რუსულს ატარებენ: ჩექმებს, რუსულ კარტუზს, ხალათს და სხვ. ახალი მოდგმა კი ჩვენებურად იცვამს-იხურავს. ამათ რომ დავაკვირდი, თვალ-წინ წარმომიდგა სოფ. წაღვერში (ბორჯომის ხეობაში) ვორონცოვის დროს დასახლებული რუსები. როგორც წაღვერელებმა ვერ გაუძლეს ქართველების გავლენას და მთლად გაქართველდნენ, ისე ეწერელი რუსები ადგანან გადაგვარების გზასა. როგორც წაღვერში, ისე ეწერში ასეთი ასიმილაცია რუსეთიდან მოსულებისა ადგილობრივ მკვიდრებთან უპირველეს ყოვლისა მათი ცოლების წყალობაა. წაღვერში რუსებს გვარიც კი არ შეურჩენიათ პირველადი სახით. მაგ. – ტროფიმოვი – ტროფიმაშვილად გადაუკეთებიათ, პეტროვი – პეტრიაშვილად და მ. სხ. ამასვე უნდა მოველოდეთ გურიის ახალშენშიაც.
როგორც ზევითა ვთქვით, უმეტესობა ეწერელებისა ხვნა-თესვას მისდევენ. იმავე წესით ხნავენ და სთესენ, რა წესითაც გურულები და ხვნენ და სთესენ. სამეურნეო იარაღიც კი გურულებიდანა აქვთ გადაღებული. გაუმჯობესებული იარაღის შემოღება არც იმათ უფიქრნიათ და არც არავინ არ ზრუნავს მათთვისა. სთესენ სიმინდს; ზოგნი სიმინდის გარდა ღომსაცა სთესენ. ვენახები არ გაუშენებიათ. რამდენიმე ძირი „ადესა“ მხოლოდ ეზოებში უდგათ, მაგრამ ყურძნადვე სჭამენ, ასე რომ ღვინოს გარედან თუ იყიდიან, თორემ თვითონ არ აკეთებენ.
ვინც ხელობა იცის რამე, რჩეობს თოხისა და სახნისის მაგივრად ხელში შალაშნი და მეწაღის სადგისი დაიჭიროს და ოზურეგთში ორიოდ გროში აიღოს.
მეზობელი გურულები ამ ახლად შემოსახლებულებს მაინც და მაინც არ ემდურიან. „ესაა ბატონო, – მითხრა მათ შესახებ ერთმა გურულმა, – ლოთობა უყვართ, რასაც იშოვნიან, უნდა „ოტკა“ დალიონ მისი, თვარა სხვაფერ ქე არიან გვარიანიო“.
ხსენებული ახლაშენის გარდა თვით ოზურგეთშიაცაა ნაჯარისკაცალი რუსები. მათი რიცხვი აქ ოცამდეა. ცოლებად ყველას გურული ქალები ჰყავსთ. თავს ხელობით და დღიური მუშაობით ირჩენდნენ. მთავრობამ ამათაც დაურიგა 90 ქცევა მიწა.
რუსები სხვა სოფლებშაც არიან ჩასახლებულნი, მაგალითად: მაკვანეთში, ბახვს, დუაბზუს, ლეხოურს, ბაილეთს, აკეთს, ზედუბანს, ხვარბეთს, ლანჩხუთს, ნაგომარს და სხ. მაგრამ მაკვანეთისა და დვაბზუს გარდა ყველგან თითო კომლია. ამ ორ სოფელში კი ორ-ორი კომლი. აქ კი სრული ასიმილაცია მომხდარა ახალშემოსახლებულებისა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ზოგს დედა-ენა სრულიად დავიწყებული აქვს, ტანისამოსს გლეხურს ატარებენ. ზოგნი აქ 1860 წლიდანა სცხოვრობდნენ. მათმა შვილებმა, როგორც აქ ამბობენ ერთი „ღერი“ რუსული არ იციან. მხოლოდ გვარი შერჩენიათ რუსული. ერთი სასაცილო ამბავიც მიამბეს ამათს შესახებ, მოწმედ დაძახებული ყოფილა ვინმე ნიკიტინი, ერთ-ერთ ზემოთ დასახელებული სოფლის მცხოვრები. მოსამართლე საქმის გარჩევას შეუდგა, და დაბარებულს ნიკიტინს გამოუძახეს. მოსამართლის წინაშე წარსდგა ჩაქურ ტანისამოსში გამოწყობილი გურული. მოსამართლე რუსის გამოსვლას ელოდა და გურული, რომ დაინახა, გაჯავრდა, – დაუძახეთ ნიკიტინსაო. „ეს გახლავსთ ბატონო ნიკიტინიო, მოახსენა თარჯიმანმა, – გურულის მეტი არაფერი იცისო“. ასეთი მაგალითები აქ ხშირია თურმე.
ამჟამად მთელს გურიაში 50 კომლი რუსი ირიცხება, მათგან მამრი -117 და მდედრი – 94, ხოლო სრულიად 211 სული ორსავ სქესისა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა