ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის 15 მაისს მოაწერა, „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ აღნიშნული ქონების გადაცემიდან [ხელშეკრულების გაფორმებიდან] 10 წლის ვადაში ეკრძალება აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

28 მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ნაკვეთები, რომლებიც ბახმაროში, ძირითადად, გურიის ქუჩაზე მდებარეობს, ჯერ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ დაახლოებით ხუთი თვის წინ, 2018 წლის 27 დეკემბერსაა რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100% წილის მფლობელი – ზვიად ზოიძე.

„ორბი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანია. „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა 2014 წელს სახელისუფლებო პარტიას დიდი თანხა შესწირეს. ზაზა ზოიძემ „ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა. 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ელგუჯა ლომინეიშვილმა. „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კი მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. 40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ორბი ბეტონის“ დირექტორმა და კომპანიის წილის 50%-ის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ. ამ თემაზე: შეწირე და მიიღე. 

ირაკლი კვერღელიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 ათასი ლარი შესწირა „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

 

„ორბი ჯგუფი ბახმაროსთვის“ 1 ლარად მიყიდული მიწის ნაკვეთები ბახმაროში [მონიშნულია ღია მწვანე ფერით]

ნეტგაზეთი
 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share