ახალი პოლიტიკური გუნდის პირველი საჯარო გამოჩენა. ფოტომ, რომელზეც ახალი პოლიტიკური პლატფორმის, ახალის წევრების სამუშაო პროცესია ასახული ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ სამთავრობო მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პროპაგანდისტულმა არხებმა დღეს დილიდან დაიწყეს ნიკა გვარამიას და მისი მეგობრების შავი პიარი. ქართული ოცნების ლიდერების მთავარი კომენტარები სატელევიზიო ეთერებში სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა. არადა ეს ახალის წევრების მხოლოდ ფოტოა – თუმცა ფოტო, რომელზეც დიქტატორული რეჟიმების ცვლილებების გამოცდილებას განიხილავენ პოლონეთის, ჩილეს და სხვა ქვეყნების მაგალითზე.
“ახალი არის ჩვენი გუნდი. ასე ჰქვია- როგორი? ახალი; ტელევიზია როგორი? – მთავარი. ბრენდირება არ მეშლება, მაგრამ არც სხვა რაღაცები.
პარტია არ ვართ, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. თუ გაერთიანებაზე იქნება ლაპარაკი სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ არ იქნება გაერთიანებაზე ლაპარაკი პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, შემდეგ ვნახავთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გუნდი იქნება იქ, სადაც მე ვიქნები.
ჩვენ ვმუშაობთ ახლა შინაარსებზე. ჩვენ ვმუშაობთ ახლა კამპანიის დაგეგმვაზე. ერთი რაც ვიცით, ეს იქნება სწრაფი და შედარებით ხანმოკლე კამპანია და ეს იქნება აუცილებლად პოზიტიური კამპანია. გინების, კივილ-წივილის, ისტერიკის გარეშე და სრულად მომავალზე ორიენტირებული, რადგან მგონია, რომ ცვლილების რეცეპტი არის სიახლეში, კომპეტენციაში და ერთიანობაში. ასე მგონია, ასე ვაკეთებთ, ასე ვგეგმავთ და ასე ვიზამთ.
ეს დაახლოებით ნახევარზე ნაკლებია იმათი, ვინც ვართ და ცხადია, რომ ახალი სახეები ისედაც არიან და ისეთი ვისაც ყველა იცნობს. ისინი ახლა აქ არ არიან, მაგრამ ბევრი ადამიანია, ასევე ვისაც ბევრი იცნობს, მაგრამ პოლიტიკური ელიტიდან არ არიან და არ ყოფილან ისტებლიშმენტის ნაწილი.
რომ არ დაგიმალოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ცვლილება დაიწყოს და ასეთი ხალხით შეივსოს. როგორც გითხარით ახალი, კომპეტენტური, გამბედავი ადამიანებით. ამის ნაკლებობაა ქართულ პოლიტიკაში და მინდა, რომ ჩემი ყველა შესაძლებლობა და დაგროვილი კაპიტალი , იქნება ეს სოციალური თუ იქნება პოლიტიკური, ამ ადამიანებმა მოიხმარონ იმისთვის, რომ მოხვდნენ პოლიტიკაში და მართონ ქვეყანა და წინ წაიყვანონ” – აცხადებს ნიკა გვარამია .