წმენდა გარდაუვალია – ღარიბაშვილი თანამდებობის შენარჩუნებას ბერას დახმარებით ცდილობდა

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ღარიბაშვილის გარემოცვა უკიდურესად გაბრაზებულია – წინა, კვირა ყოფილი პრემიერის გუნდის წმენდად გამოცხადდა. თანამდებობიდან უშვებენ ყველას, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი ენდობოდა და მისი დავალებების უპირობო შემსრულებლად ითვლებოდა. 

წყაროს ცნობით, ექსპრემიერის ახლობლები ახლა ყველგან იმას ამბობენ, რომ რაც კი ხდებოდა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. 

მმართველი პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი თანამდებობიდან დაზიანებული იმიჯის გამო გადააყენა.

“ასეთი სახელგატეხილი პრემიერ-მინისტრით, არჩევნებში შედეგის დადება გაგვიჭირდებაო” – უთხრეს ქართველ ოლიგარქს წყაროს ცნობით “ქართული ოცნების” წევრებმა.

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოსტის შენარჩუნებას ბერა ივანიშვილთან კომუნიკაციით ცდილობდა.

“ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნების შემდეგ, ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გაშვება გადაწყვეტილი იყო, ბიძინა მას არ ეკონტაქტებოდა და არ იმჩნევდა”- უყვება “შაბათის ეთერს” ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო. 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილთან გადის კონტაქტზე.

ღარიბაშვილის გარემოცვა პირად საუბრებში ჰყვება, რომ ბერამ პრემიერს უთხრა, რომ “მისი გადარჩენა ნულის ტოლი იყო” და ღარიბაშვილიც გამოტანილ ვერდიქტს დაემორჩილა, თუმცა მან “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დარწმუნება შეძლო, რომ მისი კადრების ერთბაშად გაშვება მმართველ პარტიას დააზიანებდა.

ამის მიუხედავად, “შაბათის ეთერის” წყაროს ინფორმაციით, გაშვებების სერია უკვე დაიწყო და კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება:

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუბერნატორების გაშვება გადაწყვეტილია. რაც შეეხება მერებს, ვინაიდან ისინი არჩეული პირები არიან, მათი გაშვება “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი რესურსის და საფრთხეების გამოყოფას ნიშნავს. თუ მერებს გაუშვებენ, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამიტომ მმართველ პარტიას ახალი თავსატეხი არ უნდა. თუმცა არიან ისეთი მერები, რომელთა თანამდებობაზე ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

“რეგიონებს მიხედე”- უთხრა წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share