მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„თითქოს ბანალური ამბავია, მაგრამ მენტალური ავადობებისას უზუსტესი: დრო თანაბრად არის მოკავშირეც და მტერიც – მთავარია რა განწყობით გაჰყვები მას. მავნებელია კალენდარული დათქმები – ,,ერთ თვეში მორჩები ან მოვრჩები”, ,,ექვს თვეში”, ,,ერთ წელიწადში” – ეს გარდაუვლად განგაწყობს მოცემული დრო ცუდად იყო.
გამოჯანმრთელება უნდა დაიწყო დღესვე, აქ და ახლა.
ცხადია, ყველაზე რთული და ამავდროულად, აუცილებელი – ბრძოლის დაწყებაა. თუმცა, საიდან უნდა ავთვალოთ საწყისი წუთი, როცა საკუთარი თავი მოუხელთებელია და თითქოს დაუძლეველ ფსიქო-სომატურ წრეში გვატრიალებს? გონებას დამახსოვრებული აქვს ტანჯვა და ზეპირ რიტუალს იმეორებს. დიახ, დაზეპირებული, რადგან ადამიანი იმთავითვე არის ბაძვა.
ტვინს სხვა საზეპირო უნდა შევთავაზოთ.
აუცილებელი გზა – ფსიქიატრია, თერაპია, ძილის და კვების მოწესრიგება და სხვანი – რაღაცით უნდა დაიწყოს. რაღაც უცნაური ნაბიჯით და ეს ვერ იქნება ,,თავს შემოუძახე” და ,,ხელში აიყვანე” – ასე უცებ და ერთბაშად. სწორედ აქ გვჭირდება მოკავშირედ დრო და მოთმინება. ადამიანად ყოფნა ზოგადად საკუთარი თავის ყოველდღიური იძულება მგონია და ამ დროს – მით უფრო. ,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა” – ეს არის. რუსთაველია. აიძულე საკუთარი თავი ფრთხილად, მაგრამ რუტინულად ხშირად, დაბრუნდეს იქ, რაც ოდინდელ ყოფად გახსოვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიტყუე თუნდაც გამოგონილი წუთები და შესთავაზე ტვინს. ეს რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა სრულფასოვანი დაბრუნების. დიდი დაბრუნების. და აუცილებლის.“