„ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რამდენიმე თვეა, უკვე საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, – საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით. ამ იდეამ წინა კვირას საქართველოს პარლამენტშიც შეაღწია.

რას გულისხმობს ეს იდეა, ვინ საუბრობს მასზე და საერთოდ, რამდენად რეალისტური და უხიფათოა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის „მედიაცია“?

დასაწყისი – სტრატეგიული პარტნიორობა

„საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე ჩინეთის როლის მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდის პირდაპირპროპორციულად, იგრძნობა ჩინეთის გააქტიურება საქართველოში“, – წერდა 2023 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი.

რადიო თავისუფლება 2023 გაზაფხულზე წერდა, რომ პროსახელისუფლებო წრეებში, – მათ შორის „ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელევიზია „პოსტივიზე“, – ბევრს საუბრობდნენ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებაზე, შეერთებული შტატების როლის შესუსტებასა და ჩინეთის გაძლიერებაზე. დასავლეთის ალტერნატივად კი სახავდნენ ჩინეთს, რომელიც „სხვა ერებს ლიბერალიზმს არ ახვევს თავს“.

2023 წლის ზაფხულის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა, – პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა – სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

მხარეები ახლა პირობას დებენ, რომ გარდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებისა, პოლიტიკურ კავშირებსაც გააღრმავებენ. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნამდე პეკინში სწორედ ამ მიზნით ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებოდა.

მაგრამ პროსახელისუფლებო რუპორები კიდევ უფრო შორს მიდიან. მსჯელობენ არა მხოლოდ ჩინეთთან ვაჭრობის და ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საჭიროებაზე, – რასაც ბევრი უჭერს მხარს, – არამედ ჩინეთის „რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩართვაზე“.

გაგრძელება – „შუამავლობა“ რუსეთთან

ჩინეთის შუამავლობის იდეასა და მის რეალურობაზე ისევ ვატო შაქარიშვილი საუბრობს, რომელმაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაწერა: „ჩინეთის ელჩი, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში და კიდევ უფრო იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ერთბაშად შეეხო უმნიშვნელოვანეს თემებს და ძალიან მკაფიო გზავნილებიც გააჟღერა“.

შაქარიშვილის ინტერპრეტაციით, ელჩმა „დაადასტურა ჩინეთის მზაობა, შეასრულოს შუამავლის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც კი ამის შესახებ მხარეები გამოხატავენ სურვილს“.

ვატო შაქარიშვილს, თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ახლა „უცნობთან“ ერთად აქვს დაფუძნებული „საზოგადოებრივი მოძრაობა აი ია“. ეს ორგანიზაცია ეწინააღმდეგება „ნაცმოძრაობის პროვოცირებულ პოლიტიკურ მოცემულობას“, რაც არის „ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან“.

ჩინეთის ელჩის სიტყვა

2023 წლის 5 აპრილს ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „პოსტივისა“ და „ჯორჯიან ტაიმსის“ ჟურნალისტებს შეხვდა.

ამ პრესკონფერენციაზე მას პირველად ჰკითხეს, „ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავლობის მსგავსად, რამდენად შეუძლია ჩინეთს, ჩაერთოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებული საკითხის გადაჭრაში“.

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი
ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი

ელჩი ციენის პასუხი ასეთი იყო:

  • „იმ 12-პუნქტიან დოკუმენტში, რომელზეც ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, პირველი პუნქტი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ პრინციპს.
  • ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
  • ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან.
  • თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ქართული მხარისგან და არც რუსული მხარისგან არ მიგვიღია რამე თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა იშუამავლოს ამ საკითხის მოგვარებაში.
  • საქართველოს მთავრობა დღეს აქცენტს აკეთებს, რომ ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ მშვიდობის გზით გადაწყდება ეს საკითხი“.

შაქარიშვილმა ამას „მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გზავნილი“ უწოდა: „გასული ერთი წლის განმავლობაში არსებული კონიუნქტურის ნგრევამ ახალი რეალობა დააყენა, სადაც ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ და ქართველი „ლიბერალ-პატრიოტები“, რომლებიც რუსეთთან შესაძლო დიალოგზე ლაპარაკსაც კი გვიკრძალავდნენ, ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პროცესებს ხელს ვეღარ შეუშლიან“.

ვატო შაქარიშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“
ვატო შაქარიშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“

ჩინეთის შუამავლობის იდეაზე მსჯელობა პარლამენტში

რატომაა მნიშვნელოვანი, რას წერდა ფეისბუკზე საკრებულოში „ოცნების“ ყოფილი წევრი შარშან? წყვეტს იგი რამეს? მის აზრს ითვალისწინებენ „ოცნების“ მაღალ ეშელონებში?

აქ საქმე უფრო პირიქითაა: იდეაზე, რომელიც ვატო შაქარიშვილს მოსწონს, „ოცნების“ სხვა მხარდამჭერებიც ბევრს ლაპარაკობენ. სულ ახლახან ეს იდეა პარლამენტშიც გაისმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩინეთის მედიაციაზე კითხვა პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ დაუსვა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

მან გააკრიტიკა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატი, – რომელშიც საქართველო და რუსეთი საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობენ, – და მინისტრს ჰკითხა, ჩინეთის მედიაციით ალტერნატიული ფორმატის შექმნაზე რას ფიქრობთო.

 

ფრიდონ ინჯია, პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“
ფრიდონ ინჯია, პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“

ანტიდასავლური სენტიმენტებით, არაზუსტი ინფორმაციით და პოლიტიკური ნაივურობითა და მანიპულაციებით გაჟღენთილი კითხვა ასე ჟღერდა:

„ჟენევის ფორმატი 15 წელია არსებობს და ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. იქ არის სამი მხარე: საქართველო, რუსეთი და აშშ…ხომ არ ფიქობთ იმაზე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, და ცალსახად მომხრეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ხომ არ ჯობდა, [ჟენევის ფორმატის] პარალელურად, – იყოს იქ ჟენევის ფორმატი, – მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას?

თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ და ცოტა სხვანაირად გადაწყდეს. ანდა შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი. მეორეში ჩინეთი იქნება წამყვანი და ვნახოთ, რომელი აჯობებს“.

მინისტრმა დარჩიაშვილმა პარლამენტარს უპასუხა, რომ ჟენევის „პლატფორმა შესანარჩუნებელია“, ჩინეთთან ალტერნატიული პლატფორმის იდეაზე კი ცალსახა უარი არ უთქვამს:

„ჟენევის ფორმატში, გარდა აშშ-ისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია წარმოდგენილი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ მონაწილეობას“.

დარჩიაშვილის თქმით, „ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის, შევეცადოთ, ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ მინიმუმ ამ დიალობის ფარგლებში“.

„ძალიან რთული იყო მორიგი რაუნდის გამართვა მას შემდეგ, რაც ვნახეთ რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, აქტიურად ვიმუშავეთ იმისთვის, მორიგი რაუნდი გამართულიყო და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

ინჯიამ თავის კითხვაზე პირდაპირი პასუხის მიღება მეორედაც სცადა – „ფრენების აღდგენაზეც კი წინააღმდეგი იყო ამერიკის ელჩი და როგორ შეიძლება მისი ინტერესში იყოს ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტაო“ – და მინისტრს დამაზუსტებელი კითხვაც დაუსვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ფრიდონ ინჯია, საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი 1992–1998 წლებში, ახლა პარლამენტში წარმოადგენს „ევროპელ სოციალისტებს“ – პარტიას, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ინჯია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა პარლამენტში:

  • „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე;
  • ინჯია და მისი ორი თანამოაზრე მათ ნაცვლად შევიდნენ პარლამენტში, გაემიჯნნენ „პატრიოტთა ალიანსს“ და „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გააგრძელეს საქმიანობა.

მისი ყოფილი თანაგუნდელების, „პატრიოტთა ალიანსის“ ტელევიზია „ობიექტივი“ ამჟამად ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობს. „ობიექტივზე“ გავიდა გადაცემათა სერია – „სი ძინპინის გზა“, სადაც მაყურებელს გააცნეს პრეზიდენტ სის ბიოგრაფია, მისი გამონათქვამები და განვლილი ცხოვრების გზა.

„ფუკოს ქანქარა“ „უცნობის კიდობანში“

მაგრამ არც ინჯიას ნათქვამია გამონაკლისი.

„აი უცნობის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ (სასცენო სახელით „უცნობმა“) თავის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ 9 დეკემბერს ასეთი კითხვა დაუსვა სტუმარს:

„ამდენი ხანია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკა და, პრინციპში არც ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გვეგრძნო, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან ტერიტორიების, – აფხაზეთის, ოსეთის, – დაბრუნებაში. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. არის კიდევ აქ რუსეთი, ჩინეთი. ახლა, რახან რუსეთი დღეს ამ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ძალიან მოწყვლადია ისედაც, და შეიძლება, ჩინეთმა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რუსეთს „დააჭიროს“ და თვითონ იყოს კონფლიქტების მოგვარების ლიდერი?“

გია გაჩეჩილაძე (უცნობი)
გია გაჩეჩილაძე (უცნობი)

„უცნობის“ სტუმარი ამ გადაცემაში პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი (ლაიფციგის უნივერსიტეტიდან), ანალიტიკოსი ლუკა ეხვაია იყო. „უცნობს“ მან ასე უპასუხა:

„ახლო აღმოსავლეთში [ირანი-საუდის არაბეთის შემთხვევაში] უკვე იყო ასეთი შემთხვევა, რომ ჩინეთმა მედიატორობის ფუნქცია შეითავსა, მცდელობები აქვს ახლაც, ღაზის კონფლიქტის რეზოლუციაში. პერსპექტივაში, ალბათ, [მისი შუამავლობა] შეიძლება, მაგრამ ჯერ ისე მსხვილად ვერ არის ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი, რომ ასეთი მოლოდინები გაგვიჩნდეს.

მაგრამ, თუ ეს სერიოზულ პარტნიორობაში გადაიზრდება და მეგაპროექტები განხორციელდება, – თუნდაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, – მაშინ უკვე ამაზე საუბარი შეიძლება“.

პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მედიის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ, ჩინური ინვესტიციები დიდწილად სწორედ პორტზე იქნება ფოკუსირებული; უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს, ვინ ააშენებს მთავრობასთან ერთად პორტს – ერთ-ერთი პრეტენდენტი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია.

ამის შემდეგ „უცნობმა“ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიარა მაყურებელს:

„ძალიან საინტერესოა… ჩინეთის ელჩისგან წამოსულ ინფორმაციას გეტყვი, – კონკრეტულად სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ – ამაზე მიდის უკვე მუშაობა. მიდის…

ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს დღეს რუსეთზე, – და ამიტომაც შეიძლება.

პრინციპში, აფხაზეთის და ოსეთის გასაღები ხომ რუსეთს უდევს და არა ამერიკას. და ამიტომაც მგონია, რომ ეს ამბავი [ჩინეთის შუამავლობა – რ.თ.] უფრო რეალისტურია, ვიდრე ამერიკის შემთხვევაში. იმიტომ რომ ამერიკის შემთხვევას 30 წელია ვხედავთ“…

„უცნობის“ იმდღევანდელი სტუმარი, ლუკა ეხვაია დაახლოებით 2023 წლიდან ჩნდება ტიკ-ტოკ არხზე, „ფუკოს ქანქარაზე“. „ფაქტებს ჰკიდიათ ემოციები“ – ასეთია დევიზი ტიკ-ტოკ არხისა, რომელიც საკუთარ პლატფორმას ნეიტრალურს უწოდებს. იქ ბევრს საუბრობენ ჩინეთის მზარდ როლზე მსოფლიოშიც და საქართველოშიც, ასევე, და აშშ-ის გლობალური როლის შესუსტებაზე.

ის ასევე სტუმრობს ხოლმე პრორუსულ არხს „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, რომელიც მერაბ ჭიქაშვილის დაფუძნებულია. ჭიქაშვილი „ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტია, – ასევე, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, – რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვის პირველ რეისს ჩამოჰყვა თბილისში და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისიც მონაწილეობდა რუსულ მხარესთან წარმატებულ მოლაპარაკებებში.

აბსურდული, საღ, რაციონალურ აზრს მოწყვეტილი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემოყვანას „სრულიად აბსურდულ იდეას“ და „საღ აზრს მოწყვეტილს“ უწოდებს გიგი გიგიაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში. ის ახლა EPRC-ის უფროსი მკვლევარია.

„ახლა, ჩვენს რეალობაში, თანამედროვე საქართველოს რეალობაში, ეს არის სრულიად აბსურდული იდეა, ვინაიდან ევროკავშირი უკვე ასრულებს მედიატორის ფუნქციას, მისი სადამკვირვებლო და სამშვიდობო მისია უკვე მონაწილეობს საქართველოში 2008 წლიდან“, – ამბობს გიგიაძე.

„ევროკავშირი იყო იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების მედიატორი, რომელიც იქნა მიღწეული რუსეთთან და ჩვენ ახლა ჩართულნი ვართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაც ჩართულნი არიან ისეთი ტრადიციული პარტნიორები, რომლებიც ცალსახად, გაცხადებულად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს და არანაირი კითხვის ნიშნები მათთან მიმართებით არ არსებობს. რაღაც გაურკვეველი ფორმატის შეთავაზება, მით უმეტეს, ჩინეთით ჩანაცვლება, სრულიად მოწყვეტილია საღ აზრს, რაციონალურ აზროვნებას“, – ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.

გიგი გიგიაძე, EPRC-ის უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი დანიაში
გიგი გიგიაძე, EPRC-ის უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი დანიაში

ჩინეთს, – მიუხედავად განცხადებებისა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – დღემდე არ გამოუხატავს ცალსახა მხარდაჭერა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებისადმი.

ანალიტიკოსი მიუთითებს ჩინეთის მიმართ მზარდ უნდობლობაზე უკრაინის ომში დაჭერილი პოზიციების გამო.

ჩინეთმა 2023 წლის თებერვალში წარადგინა სამშვიდობო გეგმა „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის“ შესახებ. მეტწილად სიმბოლური 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს არ მოიცავს, ითვალისწინებს „საბრძოლო ბლოკების გაძლიერებასა და გაფართოებაზე უარის თქმას“.

ჩინეთი ფორმალურ ნეიტრალურობას ინარჩუნებს, – ოფიციალურად არ აცხადებს, რომ ამ კონფლიქტში რუსეთს უჭერს მხარს, – თუმცა ამ უკანასკნელს ფინანსურ დახმარებას აწვდის, ეს კი რუსეთს კონფლიქტის გაგრძელებაში ეხმარება.

ამერიკული დაზვერვის ცნობით, ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

2024 წლის 14 თებერვალს გაეროში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ:

  • „კონკრეტულმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დასხმა“, – იმ ფონზე, როდესაც უკრაინა დახმარების ახალ, თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პაკეტს ელის შეერთებული შტატებისგან;
  • ამავე ელჩმა ნატოს მოუწოდა, „შეწყვიტოს მუქარა“.

გამოცემა „ეკონომისტი“ ჩინეთის გაცხადებულ ნეიტრალურობას უწოდებს „ფსევდო-ნეიტრალურობას“.

„ჩინეთი უკვე გაცხადებულად ეხმარება რუსეთს იმ აგრესიული, საომარი პოლიტიკის წარმოებაში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ამ ქვეყნის ჩართულობა ამ პროცესში ვინმე თუ შეიძლება სერიოზულად განიხილავდეს საქართველოში ნამდვილად ვერ წარმომიდგენია“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

ერთადერთი, რა მიზნითაც „ჩინეთის მედიაცია“ შეიძლება საქართველოში განიხილებოდეს, მმართველი გუნდის მიერ ამ იდეის „დატესტვა“ არისო, ფიქრობს იგი:

„ერთადერთი მიზანი, რასაც ამ საკითხის სერიოზული განხილვა შეიძლება ატარებდეს, არის საზოგადოებაში რეაქციების დატესტვა და იმის მოსინჯვა, რამდენად მიიღებს ამას საზოგადოება. მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოება, სრული მარცხით დასრულდება. ნებისმიერ ადამიანს კარგად ესმის, რომ არაფერ შუაშია ჩინეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა დადებითი იმპულსი უნდა შემოიტანოს ქვეყანამ, რომელიც აქამდე ამ პროცესებში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას? არ იცის სპეციფიკა, არ არის თავიდანვე თანამონაწილე შეთანხმებისა, რომელიც არსებობდა, და შესაბამისად, გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი განცხადების გაკეთება. სერიოზულად კომენტარის გაკეთებას არც მივიჩნევ საჭიროდ, ეს არის თავიდან ბოლომდე აბსურდული აზრი და შესაძლებელია მხოლოდ ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას EPRC-ის უფროსი მკვლევარი.

გიგიაძის თქმით, ეს „თანხვედრაში მოდის იმ მისწრაფებასთან, რაც გააჩნია რუსეთს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ საკითხის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების იზოლაცია დასავლეთისგან და გადმოიტანოს ის საკუთარ მოედანზე, მაქსიმალურად ჩახსნას, მაქსიმალურად მოახდინოს საქართველოს საკითხის გამოყვანა დასავლური დისკუსიის ფორმატიდან“.

გიგი გიგიაძის შეფასებით, ეს იქნება „წარმოუდგენელი შეცდომა ჩვენი ქვეყნისთვის და უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share