„სააკაშვილის ვითარებაში, თუ მან ნავალნის ბედი გაიზიარა, იმდენად ჩამოშლაა სახელმწიფოებრიობის, რომ აქ რისკის დაშვებაც არ შეიძლება,“ – ამ განცხადებას ნიკა გვარამია „რეაქციაში“ აკეთებს.
გვარამიას თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს.
”საერთაშორისო თანამეგობრობა გააქტიურებულია ნავალნის მერე, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს.
როგორც არ უნდა მეჩვენებოდეს, რომ მაწყობს საარჩევნოდ, მე ამას არასდროს არ ვიტყვი არცერთ ვითარებაში, მგონია, რომ ეს არის სწორი, ეთიკური და პრაგმატულადაც სწორი საქციელი, ვინც ამას ვერ ხვდება, იმის პრობლემაა.
აქ გადამწყვეტი არის საქართველოს პრეზიდენტი. არ ველოდები სამწუხაროდ (შეწყალებას). დასავლეთის ზეწოლა მიშასთან დაკავშირებით არ არის ახალი, ვნახოთ, როგორ იქნება.
პირდაპირ ვიტყვი, რომ ნავალნისთან პარალელს გავავლებთ თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილის ვითარებაში, თუ მან ნავალნის ბედი გაიზიარა, იმდენად ჩამოშლაა სახელმწიფოებრიობის, რომ აქ რისკის დაშვებაც არ შეიძლება, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს სააკაშვილის მიმართ.
კაცი რომ საავადმყოფოში წევს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მოკვდება – ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ეს ნამდვილად არაფერს ცვლის. ნავალნის ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ ჰქონდა, როგორც ოფიციალური ინფორმაციაა, ტრომბი მოწყდა და გარდაიცვალა, ისიც პოლიტიკური პატიმარი იყო და ესეც პოლიტიკური პატიმარია, მინიმუმ იმიტომ, რომ იგივე მოსამართლეები ასამართლებენ, რომლებმაც მე გამასამართლეს,“ – ამბობს ნიკა გვარამია.