„იმიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი, ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე.
„როცა დავპატიჟეთ არ მოვიდა, გამოუშვა მისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ლენტს ასწორებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ისეთ ოფიციალურ პირებთან ერთად, საერთოდ რომ არ ეკუთვნოდა იქ ყოფნა. პროტოკოლური ამბავია, რომელსაც მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ სამყაროში იცავენ.
როცა ეპატიჟები – არ მოდის, მაგრამ წელს იმის გამო არ მოვიპატიჟეთ, რომ მას ჩვენ პრეზიდენტად აღარ მივიჩნევთ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც იმპიჩმენტი გამოვუცხადეთ, რომელიც საქართველოზე 2 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა, რომ ის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს არსებულ მოცემულობაში, ის უნდა დავპატიჟოთ მითუმეტეს ასეთ დღეს. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამიტომ გამოვუცხადეთ მას იმპიჩმენტი, რომელმაც ბევრი სკანდალისგან გვიხსნა და გადაგვარჩინა.
მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტის დაჭერაზე რომ დაიწყო საუბარი, ბოდიშების ხდა რომ მოგვიწია, მათ შორის ახლა რომ უსმენს ადამიანს, რომელიც მოდერნიზაციის სიმბოლოს ეძახის მიხეილ სააკაშვილს. წარმოიდგინეთ, მის წინ ეს ლეგიტიმაციამოკლებული ადამიანი რომ არ ყოფილიყო, რამხელა სკანდალში ვეხვეოდით. შესაბამისად, ამიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი. ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს პარლამენტის ეზოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, რომელსაც სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“ – წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.