საქართველოს ხალხის დნმ არის, რომ იყვნენ ევროპელები – სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიული წარსული მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, 2008 წლის ომზე და იმ ვითარებაზე, რასაც ოკუპანტები ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და პირდაპირ თქვა, რომ სწორედ ამ ომში უკრაინის გამარჯვებაზეა ახლა დამოკიდებული ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მომავალი.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთადერთი გამოწვევა რუსეთია და სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება ახლა ბევრი რამ დამოკიდებული.
”საქართველომ რომ შეაბიჯოს ევროპულ ოჯახში და ეს გზა რეალური გახდეს, ამ გზაზე ერთადერთი გამოწვევა არის რუსეთი, რომელიც უკრაინაშია შეჭრილი. ჩვენ ვიცით რა არის ეს, ვიცით რა არის რუსეთთან მეზობლობა და მის რეჟიმთან ბრძოლა. თუ არ დავეხმარეთ უკრაინას, მაშინ ამ ომში გაიმარჯვებს პუტინი. ერთადერთი გზა რუსეთთან ბრძოლის არის ის, რომ რუსეთი დამარცხდეს ამ ომში. მაგრამ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, ის უკვე დამრცხებულია. საქართველოს მომავალი არის უკრაინაში, ევროპის მომავალი არის უკრაინაში. პუტინის ომის მიზნები ვერ შესრულდა, უკრიანა უკვე არის გამარჯვებული”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.