ამერიკელი ბიზნესმენი და X-ის მფლობელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმაზე ბიზნესმენ დეივიდ საკსის პოსტს დაეთანხმა, რომელშიც საკსი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ NATO-ს მისია “ექსპანსია” გახდა.
“1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და NATO ეგზისტენციალური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა: მისი არსებობის მიზეზი აღარ არსებობდა. მაგრამ დაშლის მაგივრად, ახალი მისია შეიმუშავა: გაფართოების. და თვითქმნადი წრით, NATO-ს ექსპანსია საჭირო მტრობას შექმნიდა, რათა საკუთარი არსებობა გაემართლებინა”. – წერს დეივიდ საკსი პოსტში.
საკსის პოსტს ილონ მასკი დაეთანხმა და დაწერა, რომ “ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აგრძელებს NATO არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნემესისი და არსებობის მიზეზი – ვარშავის პაქტი – დაიშალა”.
მასკის პოსტს X-ის “მკითხველებმა” შენიშვნა დაუსვეს, რისი მიზანიც, მომხმარებლების მიერ სხვებისთვის მცდარ პოსტებზე საჭირო კონტექსტის მიწოდება ან მცდარი ინფორმაციის გამოაშკარავებაა. “მკითხველების” თქმით, “ვარშავის პაქტი NATO-ს შექმნაზე რეაქცია იყო, და არა – პირიქით”. ხოლო “NATO კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც ერთეულ მოწინააღმდეგეზე არაა მიმართული”.
მასკის განცხადების საპასუხოდ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა თქვა, რომ “NATO-ს დაარსების, არსებობისა და არსებობას გააგრძელების მიზეზს რუსეთი და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრები წარმოადგენენ”.