საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია – 2023 წელს ავარიებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7 310. გასულ, 2022 წელს ავტოკატასტროფებში დაიღუპა 430 ადამიანი, დაშავდა 7 517.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2019-2020 წლებში შემცირდა – ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის, ავტომობილით მოძრაობაზეც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ათასი საავტომობილო შემთხვევა საშუალოდ ას ადამიანს კლავს და ათასზე მეტს ასახიჩრებს.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის წლებია დომინირებს ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა. მხოლოდ 2023 წელს 13 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის დაუდევრობით, 67 ემსხვერპლა სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულ ავარიას.
2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევები მოტიციკლების მონაწილეობით – გასულ წელს ამგვარ შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 808. ეს რეკორდული გაუარესებაა 5 წლიან ჭრილში.
ტრადიციულად მაღალია ქვეითი მსხვერპლი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს ახლავს თან. მხოლოდ 2023 წელს 90 ქვეითი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევებისას. მათგან 12 არასრულწლოვანი იყო.