გურულების წარმართული რწმენა – „ჯვარის ძალი“
.
ტარასი მამალაძის მიხედვით გურიაში წარმართული რწმენისაგან შემორჩენილი იყო ე.წ. „ჯვარის ძალი“, რომელიც კონუსისებური ცეცხლის კაშკაშა ნათება გახლდათ, მისი სიგრძე დაახლოებით 1,5 არშინი (1 არშინი 72 სმ) იყო, „ჯვარის ძალი“ ნათელ ღამეს ეშვებოდა ციდან და ჩერდებოდა ძალიან ლამაზი ხის თავზე, ჯვარის ძალისათვის ყველაზე უფრო სასურველი ხე ურთხელი ან რომელიმე სხვა წიწვოვანი გახლდათ. ხე რომელსაც ჯვარის ძალი დააჯდებოდა ხელშეუხებლად ითვლებოდა და მისი მოჭრა აღარ შეიძლებოდა.
.
გურულები ყოველთვის „ბრძნილობდნენ“ სახლთან ახლოს წიწვოვანი ხის დარგვას, მაგალითად ნაძვი, ფიჭვი ან ურთხელი არ უნდა ყოფილიყო ეზოში. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ თუკი ჯვარის ძალი სახლს ან სახლთან ახლოს მდებარე ხეს დააჯდებოდა ეს ძალიან ცუდი და ავისმომასწავებელი ნიშანი იყო ოჯახისათვის. მიუხედავად ამისა „ჯვარის ძალი“ გურიაში ერთგვარი სილამაზის და მშვენეიერების შესადარი გახლდათ, მაგალითად გურიაში მამაკაცის სრულყოფილი სილამაზის აღსანიშნავად იტყოდნენ, რომ ის ნამდვილი „ჯვარის ძალი“ იყო.
.
ასევე გურულების რწმენით ჯვარის ძალი ხეზე დასვენების შემდეგ უკან ცაში აფრინდებოდა და ისეც ხდებოდა, რომ „ჯვარის ძალის“ ცადან დაშვება და უკან ცაში დაბრუნება რამდენჯმერმე განმეორებულა.
.
„ჯვარის ძალი“ გურულების წარმართული რწმენისათვის დამახასიათებელ მოვლენებთან („დადეგი“, „ლამპრობა“, „ელის აღმართვა“, „ელიობა“, „ცის გახსნა“, „მკვდარის მზე“, “იაკამი” (ნათელი სავსე მთვარე), „მზის სხივი“ (ღვიძელი) და ა.შ.) ერთად, მთლიანობაში გარკვეულ წარმოდგენას იძლევა გურულების ქრისტიანობამდელ რწმენაზე.
.
წარმართული დღესასწაულების შემდგომ შერწყმასთან დაკავშირებით ყველაზე ნათელი მაგალითი უნდა იყოს გურული საშობაო „ღვიძელი“. ხახანაშვილი უთითებს, რომ სამეგრელოსა და გურიაში მზის დღესასწაული ემთხვეოდა ქრისტეშობას, შემდეგში კი ეს დღესასწაული გადატანილი იქნა საახალწლოდ – “გურიაში და სამეგრელოში ეს მზის დღესასწაული ქრისტეს შობის დღიდან გადატანილია საახლწლოდ, რომელსაც იქ უწოდებენ კალანდობას”.
.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გურული საშობაო ღვიძელის ფორმა კი იმეორებს ბორჯღალის სხვის ფორმას, სავარაუდოდ ღვიძლებს ადრე ტაბლაზე ალაგებდნენ ე.წ. მუცლის სალოცავის გარშემო, რაც მთლიანობაში იმეორებს მზის სიმბოლოს „ბორჯღალის“ ფორმას.
.
გამოყენებული მასალა
– СМОМПК – 1893 г. Тарас Мамаладзе
– ალექსანდრე ხახანაშვილი. ქართულის სიტყვიერების ისტორია (1915)
– სხვა ღია წყაროები და ზეპირი გადმოცემები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა