საქართველოში ყოველი მე-4 დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2022 წლის ბოლოს [წლევანდელი მონაცემები ჯერ არ არის] ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 000 ადამიანი იღებდა, ეს ქვეყნის სამუშაო ძალის 20% და დასაქმებულების 24%-ია.
ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ
სახელმწიფო უწყებებისა და იმ საწარმოებში მომუშავე ადამიანების რაოდენობას, სადაც სახელმწიფოს წილი აქვს, საქსტატი ერთად ითვლის და მათ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებად განიხილავს.
ათწლიან ჭრილში, 2012-დან 2022 წლამდე, საჯარო მოხელეების რაოდენობა 21 ათასით გაიზარდა, იმ ადამიანების კი, ვინც სახელმწიფო საწარმოში მუშაობს, 7 ათასით.
საქმიანობის ტიპების მიხედვით სახელმწიფოს მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ:
- გასამმაგებულია წყალმომარაგების, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სფეროში მომუშავეთა რიცხვი.
- 17 000-ით არის გაზრდილი განათლების სისტემაში დასაქმებულთა რიცხვი. საქართველოში განათლება წლებია ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორად ითვლება.
- სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა, სულ მცირე, 40 ათას ადამიანს აღწევს. ამ საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი წლებია მოგებაზე ვერ გადის.
საქსტატის სტატისტიკა არ მოიცავს მათ, ვინც საჯარო სამსახურებში შტატგარეშე თანამშრომლების სტატუსით, ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები. IDFI-ს მონაცემებით, ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებზე დახარჯული თანხები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება. მხოლოდ 2021 წელს მათ ხელფასებში თითქმის 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატებოდა.
საჯარო მოხელეების მონაცემებს ითვლის საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროც, რომელიც საქსტატისგან განსხვავებით მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელეების სტატისტიკას აწარმოებს – ამ რიცხვების მიხედვით, 2019-დან 2022 წლამდე, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში, სასამართლოსა და პარლამენტში პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასაქმებულთა რაოდენობა იკლებს.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო წლიურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს გამარტივებული კონკურსით შერჩეულ საჯარო მოხელეებზე. ათასზე მეტი შრომითი ხელშეკრულების შესწავლის შედეგად სააგენტო წერს, რომ არის შემთხვევები, როცა არც კი არის განსაზღვრული ის ფუნქციები, რისი შესრულებაც დასაქმებულს უწევს, იქ კი, სადაც გაწერილია, ან ძალიან ზოგადია, ან იმდენად კვალიფიციურ ცოდნას მოითხოვს, რომ სცილდება დამხმარე თანამშრომლის კომპეტენციას.
სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები
საჯარო სამსახურში ძირითადად 34-დან 47 წლამდე ასაკის ადამიანები არიან დასაქმებული, ეს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მონაცემებია.
ამავე წყაროს მიხედვით, 2022 წელს საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამით 817-მა ადამიანმა ისარგებლა და მათგან მხოლოდ 93 აიყვანეს სამსახურში სტაჟირების დასრულების შემდეგ.
საქართველოში, წლებია უმუშევრობის ყველაზე დიდ ასაკობრივ ჯგუფს 30 წელს ქვემოთ მოქალაქეები შეადგენენ. 2022 წლის მონაცემებით, 15-29 წლის ახალგაზრდების 30% ამბობს, რომ არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს.
საჯარო სამსახურში მუშაობენ პირები შეზღუდული შესაძლებლობებით, თუმცა სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, რაც ამ უწყებებში დასაქმებულთა 1%-იც კი არ არის.რის გამო მიდიან საჯარო სამსახურიდან
საქართველოს საჯარო სამსახურებში წლიურად თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2019-დან 2022 წლამდე – ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 9%-ია. გადინების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომლითაც განისაზღვრება საერთო კლიმატი ორგანიზაციაში ან კონკრეტულ გუნდში.
„პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ 2023 წელს მომზადებული კვლევის თანახმად, რომელიც საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებს შეეხება, თანამშრომელთა გადინების დაბალი მაჩვენებელი აქვთ თვითმმართველობებს და თუკი მათი თანამშრომელი ტოვებს სამსახურს, ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ის სხვა ქვეყანაში ეძებს სამსახურს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება სტაბილური სამსახური დატოვონ საჯარო მოხელეებმა, ხელფასია. საჯარო სექტორი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და ბოლო წლებში ხელფასებსაც ზრდის, კერძო სექტორთან შედარებით კვლავ უფრო დაბალ ხელფასებს სთავაზობს სახელმწიფო მოხელეებს.
2019-დან 2021 წლამდე თითქმის გაორმაგებულია მათი რაოდენობა, ვინც სახელმწიფო სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამავე პერიოდში შემცირდა მათი რიცხვი, ვინც სამსახური უწყებაში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო დაკარგა.
თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს – მხოლოდ 2022 წელს 1893 ადამიანი გათავისუფლდა შსს-დან, მაშინ როცა ყველა დანარჩენ სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში ეს რიცხვი 207 იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2022 წელს ძირითადად საკუთარი სურვილით წავიდნენ, უწყებამ 223 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათგან 6 მენეჯერი.
საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი დისციპლინური გადაცდომებია. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში სასჯელი, გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა, შეიძლება იყოს ხელფასის დაქვითვა, გაფრთხილება ან საყვედური.
საჯარო მოხელეებს თავადაც შეუძლიათ განცხადების გაკეთება კოლეგების არაეთიკურ ქცევაზე, თუმცა მამხილებლის პლატფორმით ბოლო წლებში მხოლოდ ერთეულმა ადამიანმა ისარგებლა.
საჯარო სამსახურებიდან მხილების მექანიზმი ყველაზე მეტჯერ ჯანდაცვის სამინისტროში გამოიყენეს. მამხილებელი განაცხადს ანონიმურად ავსებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებსაიტზე. მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ყოფილი მოხელე. პლატფორმა, რომელიც მამხილებლის ინსტიტუტის გასაძლიერებლად შეიქმნა, არ აქვეყნებს სტატისტიკას მამხილებელთა განცხადებების შემდეგ სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.