„დამაიმედებელია ევროპელების ხედვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აუცილებლად რუსეთის მარცხით უნდა დასრულდეს“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ხათუნა ლაგაზიძემ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან გნაცხადა.
„უკრაინის ფრონტზე გარღვევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და გადაჭრით რამის თქმა ყველას გაუჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, დასავლეთის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, ასევე მობილიზაციის ხარისხი უკრაინაში. აშშ-ში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მძიმე დაღი დაასვა უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას. ფრონტზე არსებული სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ აშშ-ის კონგრესის მხრიდან დახმარების შეყოვნებაა, ამის კონპენსირებას ევროპა ცდილობს, თუმცა რათქმაუნდა მარტო გაუჭირდება“, -აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა სწრაფი ტემპით განაგრძონ სამხედრო ეკონომიკის რელსებზე გადაწყობა და ერთიანი სამხედრო შესყიდვების სისტემის მშენებლობა.
„ცალსახად მისასალმებელია, რომ ევროპა გამოფხიზლდა და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკაზე მუშაობს. დასავლეთმა აღიარა საფრთხედ რუსეთი, რაც არ გაუკეთებია 2008 წელს. ისიც კი გვახსოვს, რომ 2008 წლის შემდეგ ამერიკამ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო რუსეთთან ურთიერთობებში – ამის პირდაპირი შედეგია რაც უკრაინაში ხდება დღეს“, – ამბობს ლაგაზიძე.
„მაკრონის განცხადებებს ჯარებთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და არა პირდაპირ ის, რომ უკრაინაში დესანტს გადასხამს. ეს არის მესიჯი, რომ ევროპა უკრაინის დათმობას არ აპირებს, ასევე საფრანგეთმა ამ ფორმით ევროპას დაანახა მისი ლიდერი პოზიცია. ევროპას მართლაც სჭირდება ლიდერი. მაკრონმა რუსეთის რეაქციაც დატესტა“, – აცხადებს ანალიტიკოსი და დასძესნს, რომ უკრაინის კონტრშეტევის რესურსს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
„უკრაინის კონტრშეტევის რესურს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, თუმცა ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც დაანონსა. 2024 წელი ევროპისთვის საარჩევნო წელია, ამიტომ ყურადღება ამისკენაცაა მიმართული. დამაიმედებელია ევროპელების ხედვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აუცილებლად რუსეთის მარცხით უნდა დასრულდეს, რადგან თუ ისინი უკრაინას დათმობენ ამით ფარს დაკარგავენ. რუსეთის ამბიციები არ შეჩერდება და უმჯობესია ნატო-მ, მისმა ევროპელმა წევრებმა ის მის საზღვრებს მიღმა გააჩეროს, ვიდრე თავის ტერიტორიაზე ებრძოლოს. პუტინის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებაზე აშშ-ის ავღანეთიდან აუხსნელმა გასვლამაც იმოქმედა“, – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.