ოზურგეთის რომაული აბანოები
.
ოზურგეთის ცენტრში რომაული აბანოს ნაშთები პირველად 1957 წელს რესტორან იზაბელას მშენებლობის დროს „აღმოაჩინეს“, თუმცა აღმოსაჩენიც არაფერი არ იყო, რადგანაც ამ ადგილზე გურიელების სასახლე და მასთან დაკავშირებული ნაგებობის არსებობის შესახებ საყოველთაოდ ცნობილი იყო. იმ დროს ძეგლის ნაწილობრივ გამოკვლევა მოხდა, შემდეგ კი ისევ მიწა მიაყარეს.
.
იგივე აბანოს ნაშთები მორეჯერ 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს „აღმოაჩინეს“, თუმცა მიწის მიყრის ნაცვლად ბეტონის დაბალი ღობე გაუკეთეს და მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა ძეგლს შესაბამისად მოპყრობოდნენ ან მისთვის ძველებურად მიწა მაინც მიეყარათ დღემდე იმავე მდგომარეობაშია.
.
ასეთი აბანოების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება, თუმცა სპეციალისტების აზრით ეს აბანო უფრო გვიანდელი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ზეპირი გადმოცემის მიხედვით აბანოში წყალი გამოყვანილი იყო ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან და როგორც ფაბრიკის მშენებლობის ისე შემდეგომ წლებში აღმოჩენილია თიხის წყალსადენი მილები. როგორც ცნობილია ოზურგეთის ლაშეს უბანში რამდენიმე მინერალური წყალია დაფიქსირებული.
.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში მცირე თხრილშიც კი წყალი დგება, რომელიც ძალიან ძნელად იწრიტება, თუმცა ოზურგეთის ცენტრში მდებარე უპატრონო აბანოს ნაშთებიან ორმოში წყალი არ დგება, რაც იმას ნიშნავს რომ ძველი „წყალარინება“ ჯერ კიდევ მუშაობს.
.
1957 წელს გაზეთი „ლენინის დროშა“ (#139) წერდა „მიწის ზედაპირიდან კარგად ჩანს აბანოს ღუმელი თაღოვანი გადახურვით. თაღი აშენებულია რადიალურად დაწყობილი თხელი აგურებისაგან, რომლებიც თეთრი შემაკავშირებელი ნივთიერებით არის დაკავშირებული. ამ თაღის საფუძველი 2,8 მეტრს შეადგენს, წყობის სისქე 65 სანტიმეტრს. ჩრდილოეთით ჩანს კედლის ნაგებობაში დატანებული თიხის მილები, რომელთა დიამეტრია 10-12 სანტიმეტრი. მილების შიგნითა ზედაპირი დაფარულია ჭვარტლით. აღმოჩენილია ქვის ფილებისაგან ქვედა სართულის გადახურვა – მეორე სართულის იატაკი.
.
ქვის ფილების ზომაა 75X35X10 სანტიმეტრი. ამ ფილების შიგნითა ნაწილი დაფარულია ჭვარტლით. ქვის ფილებიანი გადახურვა დაფუძნებულია ერთი მეტრი სიმაღლის სვეტებზე, რომლებიც თხელი აგურისგან არიან აგებულნი (26X26 სანტიმეტრი) და შეკავშირებულნი არიან თეთრი შემაკავშირებული ნივთიერებით. ამგვარი სვეტები ქვედა სართულში, როგორც ჩანს, ბევრია.“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა