„ჩახატაური“ – „ჩხატარაშვილისოული“

„ჩახატაური“ – „ჩხატარაშვილისოული“
.
იური სიხარულიძეს თავის გურიის ტოპონიმთა აღწერაში დაბა ჩოხატაურთან ახლოს მდებარე სოფელ დაბლაციხეში დამოწმებული აქვს ორი ტოპონიმი – „ჩხატარაშვილის წისქვილი“ და „ჩახატაურის ჭალა (სათესი)“. აქვე სქოლიოში ტოპონიმი „ჩახატაურის ჭალა“ დამატებით განმარტებული აქვს შემდეგი სახით – „ძველი „ჩახატაური“ (ჩხატარაშვილისოული)“. ხოლო ამავე ნაშრომში თავად ჩოხატაურის სადაბო საბჭოში ტოპონიმი „ჩოხატაურს“ ასევე მიწერილი აქვს ძველი დასახელება – „ყოფილი ბირკნალა“.
.
ჩოხტაურთან ჩხატარაშვილების გვარის კავშირი დასტურდება მე-17 საუკუნით დათარიღებული ერკეთის გულანის ტექსტით, კერძოდ გულანი შემდგენლებს შორის მოხსენებულია იოანე ჩხატარაშვილი: „დაიწერა და სრულ იქმნა თვესა იბ ღო (ღმერთო*) შე (შეიწყალე*) ცოდვილი იოანე ჩხატარაშვილი ამისი მწერალი”.
.
იოანე ჩხატარაიშვილი (იგივე – “ჩხატარაიშვილი”, „ჩხატარაის ძე“, „ჩხატარაიძე“, „ჩხატაურელი“ „ჩხატარიშვილი“, ხოლო შემდეგში „ბერი მამა პეტრე ჩხატარაის ძე“, იგივე ჩხატარაიშვილი უნდა იყოს უდაბნოს მონასტერში მოღვაწე ბერი პეტრე). იოანე ჩხატარაიშვილი XVII-XVIII საუკუნეებში ერთერთი გამორჩეული მოღვაწე იყო არა მარტო გურიაში არამედ მთელს საქართველოში, იგი სხვადასხვა წყაროში მოხსენიებულია როგორც გამოჩენილი – თეოლოგი, მეცნიერი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მგალობელი და მასწავლებელი.
.
რაც შეეხება ტოპონიმ ჩოხატაურთან ჩხატარაშვილების გვარის კავშირს აქ საგულისხმოა იოანე ბატონიშვილი შემდეგი ტქესტი – „მამა პეტრე გურიელი ჩხატარაის ძე იქმნა სიყრმითგანვე მონაზონ. იმან ისწავლა ხედვითი ხელოვნება და იქმნა მეცნიერ და წერილთა შინა გამოცდილ. ამან შეაწყო ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა მშვენიერ ენასა ზედა. მანვე აღწერა მრავალნი კარგნი სტიხნი და შაირნი, ეგრეთვე განსწავლა მრავალნი მოწაფენი“.
.
ზემოხსენებული ფრაზა – „მამა პეტრე გურიელი ჩხატარაის ძე“ შესაძლოა გაგებული იქნას ისე, რომ იგი გურიელის გვარისა იყოს ხოლო „ჩხატარა“ კი მამა, ამ მოსაზრებას შეიძლება ამყარებდეს ისიც, რომ მოსე ჯანაშვილი იოანე ჩხატაურელს იხსენიებს საქართველოს მეფე მთავრების შვილებში – „სამეგრელოს, გურიას, იმერეთს, ამერეთს და, საზოგადოდ, მთელს საქართველოს, როგორც ვხედავთ, ჰყვანდენ თვისნი მოღვაწენი და კეთილნი მწყემსნი, რომელნიც ხშირად მეფეთ და მთავართ ჩამომავალნი იყვნენ და ამ მრავალ ტანჯულ ქვეყანაში იყვნენ სვეტნი სარწმუნოებისა. სახსოვრად შთამომავლობისა აქ მოვიხსენებთ რამდენიმე მათგანს” და ამის შემდეგ ჩამონათვალში უთითებს – “იოანე ჩხატაურელი (გურიიდამ)“. პლატონ იოსელიანის ცნობით ჩხატაურელს განათლება ტრაპიზონში მიუღია, რასაც დიდგვაროვანის და შეძლებული ოჯახის გარდა სხვა ვერ შესძლებდა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ იოანე ბატონიშვილის კალმასობაში მითითებული გურიელი შეიძლება იყოს გურულის მნიშვნელობით გამოყენებული, თუმცა ჩხატარაიშვილების ფეოდალური სტატუსი და ძველ დროში მათი მხრიდან მამულების ფლობა ჩოხატაურში ჩემი აზრით ეჭვსგარეშეა.
.
ზემოხსენებულ ტოპონიმს „ჩხატარაშვილისოული“-ს მსგავსი ტოპიმები გურიაში მრავლადაა „ნანეიშვილისეული“ (საჭამიასერი), „ანასეული“, „ბოლქვაძისოული“ (ნატანები), „კინაძისოული“ (გურიანთა), „თავბერისოული“ (ექადია), ჯაგვასოული“ (ექადია). მოცემულ შემთხვევაში გვარის ან სახელის მიხედვით ყოფილი მესაკუთრის აღმნიშვნელ ტოპონიმთან გვაქვს საქმე, ხოლო გვარი ჩხატაურელი რეალურად არის “ჩხატაურიდან” წარმოშობის, “ჩხატაურში” ცხოვრების ან ჩხატაურის მფლობელის აღმნიშვნელი.
.
– იოანე ბატონიშვილი კალმასობა (1948)
– გაზეთი ივერია 1900 წელი #284
– მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი – „ისტორიული სურათები, ქართული ეკლესიის გამოყოფა საბერძნეთის ეკლესიიდან და ქართველი ქალი (1814 წელი) ;
– მოსე ჯანაშვილი “საქართველოს საეკლესიო ისტორია” (1886 წელი).
– პოლიევკტოს კარბელაშვილი “საერო და სასულიერო კილოები ისტორიული მიმოხილვა” (1898)
– Дм. Бакрадзе – Археологическое путешествие по Гурии и Адчаре 1878;
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971) – მასალა შეკრებილია 1960-1962 წლებში;
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share