რამდენიმე სიტყვა „ალეგრობაზე“
სახუმარო წარწერა ლატარიის წასაგებ ბილეთზე Allegri (it) – „იყავით მხიარულნი!“ -.
რუსეთი იმპერიაში „ლატარეა-ალეგრი“ (лотареа-аллегри) 1860-იანი წლებიდან შემოვიდა, იგი წარმოადგენდა მაღალი წრის საზოგადოების წვეულების დროს გამართული საქველმოქმედო ლატარეას, შემდეგში კი სახალხო გართობა-სეირნობის დროს ჩატარებულ იგივე ხასიათის ლატარეას, რომლის მოგებასაც გათამაშებისთანავე იძლეოდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში ლატარიამ ოდნავ განსხვავებული სახე მიიღო, „ლატარეა-ალეგრის“ ქალაქებისა და სოფლის საზოგადოებები (მაშინდელი თვითთმართველობები) ატარებდნენ. ლატარეის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სხვადასხვა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მათ შორის საქველმოქმედო მიზნებისათვისაც.
საინტერესოა საქართველოში წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ჩატარებული ლატარია-ალეგროობები. გაზეთ „ივერიის“ 1896 წლის #84 გამოქვეყნებულია განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ამავე წლის 28 აპრილს იმართებოდა „ლატარია-ალეგრი“ წერაკითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სასარგებლოდ. ასევე ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია ინფორმაცია თუ ვინ რა ნივთები გაიღო შემოწირულობის სახით ლატარეაში გასათამაშებლად – „ნადეჟდა ზაქარიას ასულმა პოლტარაცკაიამ (ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის დედა) სამი პრესპაპიე გოშიები, ერთი წყვილი შანდალი წითელი მიწის, ერთი წყვილი ნაკერი ჩუსტები, ნინა ივანეს ასულმა თაყაიშვილისამ (ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე) ორი ვაზა ბაკარა, ერთი ფლაკონი დუხი, ვეშალკა, ორი გიდელი, ერთი კალათა, პატარა ჩარექა, ორი თებში ყვავილების ჩასადგმელი. კნიაჟნა სოფიო ლევანის ასულმა ციციშვილისამ ორი ბალიში, ყვავილებისაგან გაკეთებული ლამფის დასადგმელი, ორი საქინძისთავე ბალიში ატლასზედ ნაკერი“ და ა.შ.
ლატარეის არსი შემდეგში იყო – მოქალქეები ლატარეის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაში წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოწირულობის სახით გადასცემდნენ ნივთებს, რომელებიც შემდეგში ლატარეის ბილეთების მყიდველებზე თამაშდებოდა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ხმარდებოდა საზოგადოებრივ საჭიროებებს. ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათამაშებელი ნივთების შემომწირველი და ბილეთის მყიდველი ერთიდაიგივე პირი იყო. გათამაშება ტარდებოდა საზეიმო ვითარებაში სიმღერისა და სხვადასხვა სახის თამაშობების ფონზე. ასევე საინტერესოა ის, რომ ლატარეის ჩამტარებელი აქვეყნებდა დეტალურ ანგრიშს, როგორც შემოწირული ნივთების, ისე ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ოდენობასა და ამ თანხის დახარჯვის შესახებ.
რა თქმაუნდა ლატარეა-ალეგრო გურიაშიც ტარდებოდა და მას გურულები „ალეგრობა“ ან/და „ალეგროობას“ ეძახდნენ. გურიაში ყველა წაჩინებული პირი, უფრო სწორედ წარჩინებული ქალბატონები ცდილობდა თავის წვლილი შეეტანათ ლატარეის ჩატარებაში და ძირითადი ორგანიზატორები სწორედ ქალბატონები იყვნენ. საბოლაო ჯამში ყველაფერმა ამან ნამდვილი სახალხო დღესასწაულის ფორმა მიიღო თავისი ყველა სახის ატრიბუტით. გარდა ლატარეის გათამაშებისა ოზურგეთის წარჩინებულ საზოგადოებას გასაყიდად გამოჰქონდათ თავიანთი ნახელავი ღვინო და სანოვაგე. ლატარეიდან და სანოავაგის გაყიდვიდან შემოსული თანხა ხმარდებოდა საზოგადოებრივ საჭიროებებს და ასევე ურიგდებოდათ შეჭირვებულებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდ პატივად და თავის წარმოჩენის საშუალებად ითვლებოდა ალეგროობის დღესასწაულზე სიმღერა და ცეკვა.
პირადად მე ზუსტად ზემოხსენებული წესით ჩატარებული „ალეგროს“ შესახებ ზეპირსიტყვიერი გადმოცემით ვიცი – 17-18 წლის წინ ჩატარებული ალეგროობის შესახებ სოფელ ლიხაურის ერთერთ უბანში, რომელიც სწორედაც, რომ ზემოხსენებული წესით იყო ჩატარებული და ალეგროობაზე შეგროვებული ფულით ორგანიზატორებმა შეიძინეს მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთი საერთო-საზოგადეობრივი საჭიროებისათვის.
რაც შეეხება ოზურგეთის თვითმმართველობის მიერ ბოლო წლებში ჩატარებულ ალეგროობებს ამ ე.წ. „დღესასწაულს“ არანარი კავშირი არა აქვს ადრეულ „ალეგრობასთან“ არც თავის არსით და არც დანიშნულებით, რეალურად ეს „დღესასწაული“ წარმოადგენს შეჭირვებული მოსახლეობის ფულის – რამდენიმე ათეული ათასი ლარის დახარჯვას აბსოლუტურად გაუმართლებელი მიზნებისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ რუსეთის იმპერიის პერიოდში არსებული საზოგადოებები (თვითმმართველობები) არამარტო ამ შემთხვევაში იყო უფრო ეფექტურები ვიდრე ჩვენი „მშობლიური“ თვითმმართველობა, რომელიც მოსახლეობისათვის ხარჯისა და თავის-ტკივილის გარდა რეალურად დღეს არაფერს არ წარმოადგენს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა