რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა.
ისინი ასევე იმყოფებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოშიც, სადაც 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.
მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქაშვეთის ტაძრის წინ შეკრებილ მრევლს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მრევლის ნაწილი ხატებითა და საქართველოს დროშებით შეუერთდნენ. მსვლელობას წინ “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე მოუძღოდა.
საპატრიარქოსთან არსებულის მოძრაობის “დავითიანის” წევრებმა ბანერი გაშალეს წარწერით – “გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს”.
ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.