რუსული კანონის საბოლოო ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” – სქესობრივი ცხოვრებასთან, ფილოსოფიური და სხვაგვარი მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ ინფორმაციისა და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება.
როგორც კანონში წერია, უფლებამოსილ პირს “უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია”.
“განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება” – წერია “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტში.
უფლებამოსილი პირს ამ ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა სააგენტოს მიერ შეტანილი განაცხადის, საფინანსო დეკლარაციის ან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის გამოსაკვლევად და მონიტორინგის მიზნით ექნება.
ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი 5 000 ლარით ჯარიმდება.