ირაკლი ღარიბაშვილს იერიში საქართველოს პრეზიდენტზე მიაქვს – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გულგრილობასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მას “პრეზიდენტადწოდებულ ქალბატონს” უწოდებს.
“სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და პრეზიდენტად დასვამდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%” – ამბობს ყოფილი პრემიერი და ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს განვითარებისთვის არაფერი არ აქვს გაკეთებული.
ღარიბაშვილი ერთი ხელის მოსმით უსვამს ხაზს პრეზიდენტის საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტებს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის გუნდის დამსახურებაა.
პრეზიდენტადწოდებულ ქალბატონს, რომ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ქართველად. მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ საფრანგეთში წავიდეს. ან დარჩენა უნდა პოლიტიკაში, რომ საკუთარი ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას პირადად, რომ მანამ, სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და პრეზიდენტად დასვამდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%. მისი შედეგი, მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არქივიდან. ერთი პროცენტი მიიღო ქალმა და რა პრეტენზიები აქვს საერთოდ. ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, კითხვა დაუსვით ამ ადამიანს. გნებავთ ევროინტეგრაციის გზაზე, რა გაუკეთებია. თუ რაიმე მოხდა და რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება მეგობრებო, ასოცირების შეთანხმება იქნება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ახლა ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები არ არის კონსტრუქციული ეს დამოკიდებულება”, – ამბობს ღარიბაშვილი.