„ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი – MEGOBARI – „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონპროექტით, საქართველო აშშ-სგან მიიღებს სამხედრო დახმარებას, გამარტივებულ ვაჭრობასა და გამარტივებულ სავიზო რეჟიმს. საჭიროა „აგენტების კანონის“ გაწვევა და დემოკრატიის გზაზე დაბრუნება.

„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს“.

MEGOBARI აქტი

20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში – „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) – გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი – MEGOBARI აქტი.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)

კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში.

მსგავსი შინაარსის აქტის შეტანას ელიან კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს.

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ – მოიცავს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share