საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
მას შემდეგ, რაც ფრანგმა ევრო 2024-სთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, ასევე ისაუბრა იაშვილმაც, უფრო მეტად მოსამზადებელ პერიოდზე.
„რა თქმა უნდა, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადები, ეს შესაძლებლობა გაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ, რაც იყო ამ წარმატების მიღწევის საწინდარი.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და გულშემატკივრისთვისაც, რომ თბილისში გვეთამაშა ევროპის ჩემპიონატამდე, მაგრამ ჩვენთვის სამწუხაროდ, გუნდთან, რომელთანაც პლეი ოფის წინ შეთანხმებული ვიყავით, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, უარი თქვეს აქ ჩამოსვლაზე. იმ გუნდებიდან კი, რაც დარჩენილი იყო, სხვადასხვა მიზეზთა გამო საჭიროდ არ ჩავთვალეთ ამ გუნდებთან თამაში.
ბევრი ფეხბურთელი სეზონს 26 მაისს ასრულებს, ზოგი უფრო გვიან, ამიტომ სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შევიკრიბებით. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით ავსტრიაში, გერმანიასთან ახლოს და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებისთვის აკლიმატიზაციის გავლა უფრო ადვილი იქნება და ავსტრიაში კარგად მოვემზადებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საგურამოშიც საუკეთესო პირობებია მოსამზადებლად, კმაყოფილები ვიყავით იქ 21-წლამდე ნაკრების მზადებით და ასევე, ეროვნული ნაკრების მზადებით მარტში. თუმცა, ამჯერად ჩავთვალეთ, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა ავსტრიაში მომზადება, რადგან სამწუხაროდ, თბილისში ამხანაგური მატჩის ჩატარებაც არ გამოვიდა. ასე რომ, პირდაპირ ავსტრიაში მივდივართ, რადგან აკლიმატიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი ლორია პირველ ტურში დისკვალიფიცირებულია, მეორე ტურიდან კი, ჩვეულებრივ აქვს თამაშის უფლება. მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელების ერთადერთი კონცენტრაცია, საფიქრალი არის კარგად მომზადება და ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით თამაშია“, – თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფის მახლობლობლად დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.