აპოლონ ურუშაძის წარმოუდგენელი ისტორია

აპოლონ ურუშაძის წარმოუდგენელი ისტორია
.
აპოლონ ურუშაძე – გურული აზნაური, გურიის 1905 წლის აჯანყების და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გრაფი, „გენერალ-მაიორი“, ვიბორგის მხარის კომენდანტი, ნიკოლოზ მეორის და ლავრენტი ბერიას სტომატოლოგი, ესერი, თბილისის პოლიციის უფროსი, ანტიბოლშევიკური მოძრაობის რეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
.
დაიბადა ლანჩხუთში 1886 წელს, 1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი სტომატოლოგიური სასწავლებელი. 1912 წელს მიიწვიეს რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლამდე იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პირადი სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915 წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი – Действительный статский советник, რომელიც არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო, 1917 წელს იყო ვიბორგის მხარის კომენდანტი. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში ესერთა ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამავე წლიდან იყო თბილისის პოლიციის უფროსი.
საგულისხმოა, რომ ურუშაძის მიერ იმპერატორისათვის გაკეთებულმა შტიფტმა თავისი როლი ითამაშა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირებაში, რის თაობაზეც კრემლის კლინიკის უფროსის პროფესორ ალექსანდრე დოინიკოვი თავის მოგონებებში წერს: „1954 წელს საქართველოში ვიყავი და რესპუბლიკის მთავარმა სტომატოლოგმა, აპოლონ პავლესძე ურუშაძემ, რომელიც ნიკოლოზ II-ის მკურნალი ექიმი იყო, მითხრა, როგორ გაუკეთა იმპერატორს პლატინის შტიფტი. ასე რომ, მე ვიცოდი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ – ალექსის ნეშტის არარსებობა საერთო სამარხში და პლატინის შტიფტის არსებობა ერთ-ერთ თავის ქალაში.“ აქვე „სამარხში ნაპოვნი ყბების ჩვენმა გამოკვლევამ ცალსახა პასუხი გასცა – ისინი ეკუთვნიან ნიკოლოზ II-ს, იმპერატორის ქალიშვილებს, ფრეილენს, კამედინერს და ექიმ ბოტკინს. ჩვენ ამაში ასი პროცენტით ვართ დარწმუნებული.“ ურუშაძის მონათხრობით ასევე იდენტიფიცირებული იყო იმპერატორის მოახლე ანა დემიდოვას ნეშტი, რომლისთვისაც ოქროს ხიდი ჰქონდა გაკეთებული. სწორედ მისი მონათხრობი გახლდათ მნიშვნელოვანი წყარო იმპერატორის ოჯახის ნაშთების იდენტიფიცირებისთვის.
.
ურუშაძე, რომელიც ახლაგაზრდობიდანვე სოციალდემოკრატი იყო 1921 წელს მონაწილეობას იღებდა თბილისის დაცვაში, თუმცა ყველაზე საინტერესო მომენტი ირკვევა ურუშაძის კიდევ ერთი პაციენტის ლავრენტი ბერიას დაკითხვის ოქმიდან, რომლის მიხედვით ბერიას ეკითხებიან იცოდა მან თუ არა ის რომ აპოლონ ურუშაძე მკურნალობდა პოლონეთის კონსულს, რომლის მეშვეობით მას არალეგალური კავშირი ჰქონდა მენშევიკების საგარეო ბიუროსთან და კერძოდ, პოლონეთში ნოე ჟორდანიას მდივან კოტე იმნაძესთან. იგივე ოქმის მიხედვით ბერიას წარუდგინეს ურუშაძის 1937 წლის 8 თებერვალის წერილი იმნაძისადმი, რომელიც გადაეცა თბილისში ყოფილი პოლონეთის გენერალური კონსულის ზალესკის მეშვეობით, რომლის შინაარსი ასეთია:
„ძმაო კოტე
.
გისურვებთ ჯანმრთელობას. მხოლოდ დღეს მომეცა საშუალება მოგწერო წერილი. ამდენი ხანი გავიდა რაც არ მინახიხარ და რამდენის გადატანა მოგვიწია ამ ხნის განმავლობაში! ვფიქრობ, ახლა რომ გვნახო ვერ გაგვიცნობ. ჩვენი მორალური მდგომარეობა და ჩვენი ტანჯვა საშინელია. ჩვენ სრულიად მოწყვეტილი ვართ სამყაროსგან და არაფერი ვიცით რა ხდება. ძალიან ბევრს ველოდით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. აქ სრული ანარქია სუფევს. ვინ ვის აგდებს ციხეში გაუგებარია. გუშინდელი ხელისუფლება ციხეშია და ხვალ ვინ ვის დააპატიმრებს არვონ იცის. მდგომარეობა ძალიან რთულია. ყოველდღე რაღაც ახალს ველით. ახლა ყველაფერი შესაძლებელია.
.
ამხანაგები თქვენთან კონტაქტის დამყარებას მთხოვენ. აუცილებელია რაც შეიძლება მალე მივიღოთ თქვენგან ცნობები. როგორ გრძნობს თავს ნოე? სად იმყოფება? რას აკეთებს? თუ ნახავ გთხოვთ გულითადი მოკითხვა გადასცე. ველოდები თქვენგან დეტალურ ინფორმაციას იმავე საშუალებით. რაც შეეხება ამ წერილს, ამის შესახებ შენს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს. ფრთხილად იყავით, რომ ამ წერილის შესახებ არავინ, თუნდაც ერთმა ჩვენიანმაც არ უნდა გაიგოს.
.
ბოლშევიკებს ახლა ყველგან ჰყავთ საკუთარი აგენტები. პასუხი გამომიგზავნე ზალესკის მისამართზე, შიგ ცალკე კონვერტი ჩადე. ზალესკიმ იცის ამის შესახებ და მომცემს. მხოლოდ მე, ზალესკი და შენ გვეცოდინება ჩვენი მიმოწერის შესახებ. თუ საჭიროდ თვლი, აცნობე ნოეს. სხვას არავის არაფერი უთხრა. დაიმახსოვრე, რომ ეს საშიშია და შეიძლება მთელი საქმე დაიღუპოს.
.
ამბობენ, რომ ემიგრანტებს შორის სრული უთანხმოება და ანარქიაა. რა მოხდა? დაწერე დეტალურად. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რა არის. ვინ დარჩა, ვინ წავიდა. სად არიან ევგენი, აკაკი, კოტია, გვარჯალაძე, არსენიძე, კაკი წერეთელი და ჩვენი სხვა ლიდერები. აკეთებენ რამეს? დაწერეთ პოლიტიკურ სიტუაციაზე. შეიძლება რაიმეს იმედი გვქონდეს უახლოეს მომავალში თუ არა! საჭიროა ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, რომელთა საფუძველზეც რაიმის გაკეთების საშუალება იქნება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ.
.
ასე რომ, ჩვენ რაც შეიძლება მალე ველოდებით პასუხს. ეს წერილი საიდუმლოა. შენს გარდა არავინ უნდა წაიკითხოს. როგორც კი წაიკითხავთ, მაშინვე გაანადგურე. მიპასუხე იგივენაირად…
.
შენი აპოლონ ურუშაძე“.
.
აპოლონ ურუშაძის შემდგომი ისტორია ასეთია: 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა. 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს აპოლონ ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის – “პრომეთე”-ს და საფრანგეთში მოქმედი “საქართველოს ეროვნული საბჭოს” რეზიდენტი საქართველოში. 1926 წლიდან იყო მის მიერვე დაარსებული თბილისის პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1937-1948 წლებში იყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, გარდაიცვალა 1961 წელს.
.
– Кремлевский стоматолог – Из воспоминаний профессора Дойникова;
– Копия протокола допроса Л. П. Берия от 10 ноября 1953 г; (Генеральный прокурор СССР действительный государственный советник юстиции Руденко допросил обвиняемого Берия Лаврентия Павловича.);
– საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონი (nplg:gov:ge)

კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share