“ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, მის ვეტოს გაითვალისწინებენ”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ “ამერიკის ხმასთან” საუბრობს.
ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო NATO-სთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა.
ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა.
ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ.
[…]
მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ”, – განაცხადა მან.
აშშ-ის მიერ დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით კი ვერშბოუ ამბობს:
“ვფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება.
აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ”, – განაცხადა მან.