ერეკლეს „პირობის წიგნი“ ინგლისისადმი – სომეხი ლტოლვილების ჩასახლება ლორესა და ბორჩალოში
.
1770 წელს ასპინძის ომში ტოტლებენის საქციელის შემდეგ, ერეკლე მეორე ცდილობდა ევროპელი (ინგლისი, ვენეცია, ავსტრია) მონარქებისაგან დახმარების მიღებას. ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით ერეკლეს 1780 წელს წლიდან საპარსეთსა და ინდოეთში არსებული ინგლისის საელჩოებისა და კონსულების მეშვეობით მოლაპარაკებები დაუწყია.
.
მოლაპარაკებების შესახებ გაუგიათ ინდოეთში მცხოვრებ სომხებს – „მოხდა ისიც რომ ეს მოლაპარაკება მალე შეიტყვეს ინდოეთის ქალაქ მადრასესა და კალკუტაში მცხოვრებ სომხებმა და მათ შორის, სომეხთა მდიდარმა, მილიონერმა იაკობ შახრომიანმაც, მდიდარმა ინგლისის კრეზმა და ინდოელ ბევრის მონების მყოლებელმა. იაკობ შახრომიანი სიხარულით აღივსო, ეს პირი ამით გაცოცხლდა და მეფე ერეკლეს მალე წერილი, მოციქულები და ძვირფასი ნივთების ძღვენიც გამოუგზავნა და თან მისი დავალებაც, რომ მეფე ერეკლეს ეკისრა საქართველოსთან ერთად სომხეთის შესახები ზრუნვა და ინგლისის მთავრობასთან დაწყობილ თათბირში სომხეთის კითხვების ჩარევაც.“
.
შახრომიანი (შამირ-აღა) ერეკლეს ჰპირდებოდა ინგლისელებთან საქმის გარკვევას და საქართველოში ინდოეთიდან 10 000 კაცის ჩამოყვანას ქარხნების და ფაბრიკების გასამართავად, რაც ერეკლეს ძლაიან გახარებია და შახრომიანისათვის თავადობა და დიდი მამულები უბოძებია – „მეფე ერეკლემ ისურვა შახრიმიანის საქართველოში მოწვევა და აქედან მოქმედება, ამიტომ მეფე ერეკლემ შახრიმიანს უპირველესათ ყოვლისა მიუბოძა თავადიშვილობის ღირსება და ამასთანავე, როგორც თავადიშვილს საკუთრებათ მთელი ბორჩალოს და ლორის მაზრის ადგილები, სოფლები და ხალხიც ყმებათ. ამ მამულების და თავადიშვილობის ბოძების სიგელ-გუჯრები მეფე ერეკლემ მალე გაუგზავნა იაკობ შახრამიანს და ყოველივე დაწვრილებით აცნობა თავის მოწყალების და ამოდენა მამულების და ყმების ბოძების.“
.
დიდ ბრიტანეთსა და ერეკლეს შორის ხელშეკრულება ანუ „პირობის წიგნის“ მომზადებულა – „საქმე მოეწყო და მოწესრიგდა ისე, რომ საქართველოს ინგლისთან დაკავშირების პირობაც დაიწერა რასაკვირველია ინგლისურ ენაზედ. ეს პირობის წერილი სომეხმა შახრიმიანცმა სომხურ ენაზედაც ათარგმნინა და მერე იგი ინგლისურს და სომხურს ენაზედ, ინდოეთის ქალაქ მადრისეში ცალკე წიგნადაც გამოსცა თავის ხარჯით.“ ჭიჭინაძეს პირობის წიგნის ერთი ეგზემპლარი მოუპოვებია, შემოკლებით ეს პირობები შემდეგია:
.
– ინგლისის მთავრობა ყურადღებას აპყრობს საქართველოს და სომხეთის ერის და ქვეყნების მდგომარეობას, როგორც ქრისტიან ხალხების;
– ინგლისის მთავრობა საქართველოს საქრისტიანო მეფეთ სცნობს ერეკლე მეფეს და ამავე მეფეს იგი აძლიერებს და უწევს ყოველნაირ დახმარებას და მფარველობას;
– ერეკლე – „ეცადოს ინგლისის დახმარებით, რომ სომხეთში ამ ერის სამეფოც აღადგინოს და სომხეთის მეფეთაც თვით ეს ერეკლე მეფე გამოცხადდეს და ამით შაერთდეს და გაძლიერდეს ამ ორის საქრისტიანო ერისაგან ერეკლე მეფის საქართველოს სამეფო;
– ინგლისის მთავრობა საქართველოში გზავნის თავის ნასწავლ სამხედრო კაცებს. ესენი საქართველოში, ქართველ ჯარს აწყობენ ევროპიულათ, სწურთვნიან ინგლისურათ, ადგენენ სამხედრო წესებს, ჯარისაგან სამსახურის გადახდას;
– საქართველოს ქალაქებში არსდება ევროპიელთა წესები, ფართოვდება ვაჭრობა და აღებ მიცემის საქმენი, რაშიაც ინგლისის მთავრობაც უჩენს დახმარებას;
– იმართება ფოჩტა წერილების გასაგზავნი, როგორც ქალაქებში, ისევე გზებში სპარსეთსა და ინდოეთსა და ინგლისს შორის, ფუძნდება გზის ყარაულები;
– თფილისში არსდება ევროპიელთა საკონსოლოები, ასევე საქართველოს სამეფო ნიშნავს თავის კონსოლებს ევროპიელთა ქალაქებში, ფუძნდება ევროპიული სამმართველოები და საქმეები ირჩევა ევროპიელთა ერის წესებით, ხოლო ქართულის და ადგილობრივ ენებით;
– ინგლისის მთავრობა ტფილისში ხსნის სხვა და სხვა საჭირო სასწავლებლებს. მასწავლებლებათ იმყოფებიან ინგლისელები. ესენი ამზადებენ ქართველებს, ასწავლიან ამათ ევროპიულათ ყველაფერს სწავლა-განათლებას და მერე ეს გამოწურთვნილი ქართველები ხსნიან ასეთ სასწავლებელს საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში;
– ტფილისში ფუძნდება სრულიად ევროპიული წესები და ქართველებს, სომხებს და სხვა ქრისტიანებსაც ასწავლიან ევროპიულ ენებს, სხვა და სხვა სწავლა მეცნიერებსაც;
.
სომეხ მილიონერს ამ წიგნის ერთი ცალი ერეკლესათვის გამოუგავნია – “ერთი ცალიც იმ დროის სომეხთ კათალიკოს ლუკას და ერთი ცალიც რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს. წიგნთან ერთად ეკატერინეს მისწერეს ასეთი დავალებაც, თქვენ გიგზავნით ამ წიგნს, რათა თქვენ, როგორც საქართველოს მოსაზღვრე საქრისტიანოს ხელმწიფემ ეს გარემოება გაიცნათ და საქმის აღორძინებაში თქვენც მიიღოთ მონაწილეობა.“
.
ჭიჭინაძე წერს, რომ რუსებისათვის წიგნის გაგზავნის შემდეგ საქართველოს გარე და შინაური საქმეები ძალიან არეულა და ეს ყველაფერი სარჩულად დადებია 1883 წლის ტარქტატის გაფორმებას – „ამ გარემოებამ ეკატერინეზედ როგორი გავლენა იქონია, ამისი ჩვენ არაფერი ვიცით. ის კი ცნობილია, რომ ამის შემდეგ, რუსეთის მონარქიის წყალობით საქართველოს სამეფო გარეშე და შინაური საქმეები უფრო აირია და ბოლოს ამ აღრევას ის დაედო სარჩულათ, რომ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა 1783 წ. და ამისთვის ამ ორ სახელმწიფოს შორის პირობა, ანუ ტრაქტატიც დაიწერა. ვგონებთ რუსებთან დაკავშირების დაჩქარება სულ ამ გარემოებამ გამოიწვია. ეს ასე უნდა იყოს უსათუოდ.“
.
ვინაიდან შახრომიანისაგან არანაირი ცნობები არ იყო ერეკლეს 1797 წელს ინდოეთში რაფიელ დანიბეგაშვილი გაგუგზავნია, იქ ჩასულმა გაიგო, რომ შახრომიანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილა, ხომლო მის შვილს კი თანხმობა განუცხადებია მამის დანაპირების შესრულებაზე. დანიბეგაშვილი 1798 წელს საქართველოში დაბრულებულა და შახრომიანის შვილის გზავვნილი გარდაცვლილი ერეკლეს შვილისათვის გიორგი მეფისათვის გადაუცია, რომელის ბრძანებით შახრომიანის ლორისა და ბორჩალოს მამულები ხელუხლებელი დარჩენილა.
.
საქართველოს ინგლისთან კავშირი ვერ შედგა, ხოლო ეს ისტორია ასე დასრულდა: ლორისა და ბორჩალოს „უპატრონო“ მამულების შესახებ ასტრახანში მცხოვრებ სომხებს გაუგიათ და იმპერატორ პვალესათვის უთხოვიათ ეს მამულები ჩვენ მოგვცენო, პავლესაც მოუთხოვია გიორგისათვის მამულების სომხებისათვის გადაცემა და რომელიც დათანხმებულა – „სომხის ლტოლვილთ ეს მოწყალების ცნობა დიდათ გაეხარდათ, ესენი მალე მიეცნენ გადასახლების სამზადისს და 1799 წლის შუა ზაფხულის რიცხვებში გადმოსახლდნენ მრავლათ და დასახლდნენ ლორსა და ბორჩალოს მაზრაში.“
.
მარუაშვილის მიხედვით დანიბეგაშვილი ერეკლე II-ის საიდუმლო დავალებით ორჯერ (1795 და 1798 წლებში) იყო ინდოეთში ჩასული, ხოლო გიორგი XIII-ის დავალებით 1799- 1813 წლებში. ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იმოგზაურა ამ ქვეყანაში (1815-20, 1822-27), ბოლო ორი მოგზაურობა კი რუსეთის მთავრობის დავალებით, ყველა მოგზაურობა ვაჭრობის საფარველის ქვეშ ხდებოდა.
.
– ზაქარია ჭიჭინაძე – „მისტერ ოლივერ უორდროპი და ინგლისის კავშირი საქართველოსთან – მეფე ერეკლეს მიმართვა ინგლისის მთავრობასთან 1780 წ“ – (1920 წელი)
– ლევან მარუაშვილი – ქართველი მოგზაური რაფიელ დანიბეგაშვილი (1956 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა