გამოცემა Byline Times-ის ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან, იგივე სტრატკომთან, თანამშრომლობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2024 წლის მარტში მიიღო, რასაც წინ უძღოდა სტრატკომის წინააღმდეგ გამოთქმული არაერთი ბრალდება.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი NATO-ს ინიციატივის ფარგლებში და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ქვეყნის გაძლიერების მიზნით 2015 წელს შეიქმნა. პროექტის ფარგლებში დეპარტამენტში დასაქმებულებმა გაიარეს ტრენინგები და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა NATO-ს ექსპერტებისგან. ისინი ესწრებოდნენ და, ამასთანავე, მასპინძლობდნენ კონფერენციებს და ანალიტიკურ დისკუსიებს დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდებზე.
“თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც [საქართველოს] მთავრობამ დაიწყო ანტიდასავლური ვექტორით სვლა, სტრატკომმაც დაიწყო იმ საქმის შესრულება, რომლის წინააღმდეგ თავდასაცავადაც ის იყო შექმნილი.” – წერია Byline Times-ის სტატიაში.
სტატიის მიხედვით, ქართული ორგანიზაციების მიერ შედგენილი არაერთი ანგარიში ადასტურებს დეპარტამენტის მიერ ტროლ-ექაუნთების გამოყენების ფაქტს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. “რუსული სტილის თავდასხმები”, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ასევე მოიცავს ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, რომელიც სწორედ იმ პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც მხარს უჭერენ დეპარტამენტს.
დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონოდათ სტრატკომის წინააღმდეგ ბრალდებებზე. თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ “ბრალდებების შესახებ მათ პირველად 2023 წლის სექტემბერში გაიგეს, როცა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს უკვე შეჩერებული ჰქონდა თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან.”
სტრატკომის წინააღმდეგ არსებული ფაქტობრივი ბრალდებების გარდა, რომლებიც გამოცემის მიხედვით 2021 წლიდან გასაჯაროებულია, სტატიაში წერია, რომ საგამოძიებო პროცესში მონაწილეობა ანონიმურმა წყარომაც მიიღო, რომელსაც პირველადი ინფორმაცია გააჩნდა NATO-ს ინიციატივის შესახებ.
“რა თქმა უნდა, გაერთიანებულმა სამეფომ იცოდა, რომ რესურსები არაკეთილსინდისიერად იყო გამოყენებული” – ამბობს წყარო და ამატებს, რომ “[დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები] არასწორად იყენებდნენ გადასახადების გადამხდელთა ფულს.”
Byline Times გაესაუბრა გაერთიანებული სამეფოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს ქლევერლის, რომელმაც განაცხადა, რომ მან პერსონალურად მიიღო ინფორმაცია სიტუაციის შესახებ 2023 წლის მარტში, დიპლომატიური მისიის დროს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენები ეწინააღმდეგება ნარატივს, რომ ბრიტანეთის უწყებაში ინფორმაცია სტრატკომის შესახებ პირველად გასული წლის სექტემბერში გაიგეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს, თავის მხრივ, ბადებს შეკითხვებს, თუ რატომ არ შეწყდა პროექტი უფრო ადრე და რა მიზეზით აიყვანა დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობის სტრატკომის დეპარტამენტის თანამშრომელი თავის გუნდში.
“[საქართველოს] სტრატეგიულმა პარტნიორებმა მზადყოფნა გამოაცხადეს, დაიჭირონ უფრო მკაცრი პოზიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც, საქართველოს მოსკოვისგან თავისუფლების 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულ მზადყოფნაშია თავისი ავტოკრატიული კურსი რუსული გავლენის სფეროსკენ მიმართოს, რაც ეწინააღმდეგება სრულიად პროევროპული ამომრჩევლის ნებას.
თუმცა სტრატკომის სკანდალი აჩენს ეჭვს, თუ რატომ უგულებელყო დიდი ბრიტანეთის და სხვა დასავლელი პარტნიორების მთავრობებმა [ავტოკრატიული და ანტიდასავლური] კურსის მომასწავებელი მკაფიო და მრავალჯერ გამეორებული გაფრთხილებები; რის ფასად გააგრძელეს ქართული მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან თავისუფლად თანამშრომლობა.” – წერია სტატიაში.