გთავაზობთ ეპიზოდს ნიკუშა შენგელიას ინტერვიუდან, რომელიც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა:
“რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ბრძოლაა სამართლიანობასა და სიყალბეს შორის. ყველაფერი ხდება ორგანიზებულად. მე 9 აპრილის თაობა ვარ და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ მას შენარჩუნებაც უნდა. აი, დადგა დრო, როცა არის ცდა იმისა, რომ დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინონ. ევროპარლამენტარების დირექტივები საბჭოთა კავშირის დროს მაგონებს, როცა მითითებები მოსკოვიდან მოდიოდა. სწორედ იმ ევროპარლამენტარებს მივმართავ: დირექტივები და თითის ქნევები არ გამოუვათ. ნუ აკადრებენ ამას ამხელა ისტორიისა და ქრისტიანული კულტურის ერს. საქართველო საუკუნეების განმავლობაში, სულ ომში იყო, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ის ტრიადა, რაც ილიამ გვიანდერძა. ეს არის მთელი ფილოსოფია, რომელზედაც დგას და იდგება ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ გამოეცალა ერს იდენტობა, ისტორია, კულტურა, დამთავრებულია მისი საქმე.
ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა ნელ-ნელა წამსვლელები ვართ, ახალგაზრდობამ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში. უნდა იყვნენ ღირსებით აღსავსე, დამოუკიდებლები და თავისუფლები. აი, ეს ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში დგანან, “ჩაკრულოს” მღერიან და “აჭარულს” ცეკვავენ. მე არ ვლაპარაკობ იმათზე, ვინც იქ მერკანტილური ინტერესებით მიდის. მათ უკან ოპოზიციის ის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო, რომლებსაც ფულის იქით არაფერი აინტერესებთ. ქვეყანას სჭირდება სიწყნარე, მშვიდობა და განვითარება. ეს კანონი ხომ მხოლოდ მიზეზია? 10 წელია სულ ვკითხულობ, რატომ მიდის ეს ქვეყანა რუსეთისაკენ და ამ კითხვაზე ვერავინ გამცა პასუხი. არადა, სწორედ ამ ხელისუფლების ხელში გაუმჯობესდა ურთიერთობა ევროპელებთან. ეს ხელისუფლება იყო, კონსტიტუციაში რომ ჩაწერა: ევროატლანტიკური მისწრაფება უპირატესიაო. მოიპოვეს ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი. და რატომ არიან ესენი პრორუსები? ყოფილი ხელისუფლება თავისი ლიდერებიანად არ იყო რუსეთუმე? ისინი არ იყვნენ, რომ ჯერ დაკარგეს კოდორის ხეობა და 20 პროცენტი საქართველოსი? ყველა სტრატეგიული ობიექტები გაასხვისეს და ახლა ამათკენ იშვერენ ხელს, ესენი რუსები არიანო. ნიცშესი არ იყოს, თუ ადამიანი ყრუა, ყურს ხომ არ გაუხევო. მართლა ასეა. ესენი თავიანთი ინტერებისათვის იბრძვიან, ქვეყანაზე ვინ ფიქრობს. თუმცა არიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპულ მომავალს იცავენ. უნდა დაფიქრდნენ, რა პოლიტიკური შემადგენელი დგას მათ ზურგს უკან. ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და მე ის მანერვიულებს, ყველა ერთად არ მოვყვეთ ნანგრევებში. დანის პირზე გავდივართ, ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგეს მსოფლიო. ახლახან ვიყავი ბიენალეზე და ჩვენებმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვეს. სწორედ ამით უნდა წარვდგეთ ევროპის წინაშე და არა იმით, რაც დღეს შუა რუსთაველზე ხდება.”” – აცხადებს შენგელაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: