ოზურგეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო ხიდი დაზიანდა-ამ დროისათვის მოძრაობა შეზღუდულია
ქალაქ ოზურგეთის სანაპიროს ქუჩაზე-ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას, სავტომობილო ხიდი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ამ ეტაპზე ამ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივია, დიდი გაბარიტების მანქანების მოძრაობა კი აკრძალული
ნაპირსამაგრი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის, ზვიად ანთიძის თქმით, სამუშაოები ხიდის დაზიანებასთან კავშირში არაა:
„ინცინდენტი მოხდა გვიან ღამით, დარაჯმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ რაღაც ხმაური იყო, მოვედით და ცნახეთ, რომ ხიდის კონსტრუქციას ორი კუბიკი მოძვრა, რის გამოც მოაჯირის ნაწილი ჩამოინგრა და მდინარეში ჩავარდა (ამ ადგილზე მდინარეები ბაზრის წყალი და სკუჩა მდინარე ბჟუჟს უერთდება), მაშინვე დავუკავშირდით ოზურგეთის მერიას, მოვიდნენ სპეციალისტები, დაასურათეს, შეადგინეს ოქმი, უახლოეს დღეებში ალბათ იქნება პროექტი და გამოაცხადებენ ტენდერს“ გვიხსნის ანთიძე,
ამ ტერიტორიაზე (მდინარე ბჟუჟის სანაპიროს 70 მეტრიანი მონაკვეთი), ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 ათასი ლარი გამოიყო, ტენდერში კომპანია „ბილდ.ჯი“ მ გაიმარჯვა, სამუშაოებს კი მისი ქვეკონტრაქტორი – ინდ.მეწარმე „ზვიად ანთიძე“ ახორციელებს;
„ვცდილობთ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად შევასრულოთ საქმე და პროექტის შესაბამისად ყველაფერს ზედმიწევნით პროფესიულად ვასრულებთ. აი შეხედეთ, 5 მეტრი უფრო ღრმად ჩავდივართ ქვემოთ, ვიდრე ეს 9 წლის წინ პროექტის განხორციელებისას მოხდა, ეს ყველაზე რთული მონაკვეთია ამ სანაპიროს და აქედან გამომდინარე მაქსიმალური ყურადღება ჭირდება. სამუშაოების მაღალხარისხოვნად ჩატარებისათვის ტერიტორიას მდინარე მოვაშორეთ, არ დაგიმალავთ, რომ გამოყოფილი თანხები არასაკმარისია, მაგრამ ოზურგეთელი ვარ, აქ ვაპირებ ცხოვრებას და არ მიღირს ამის გამო პროექტს ჩრდილი მივაყენო“ – გვეუბნება ანთიძე.
ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად ოზურგეთში ბეგლარ სიორიძის მერობის დროს დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყო, მაშინდელი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია ხშირად ეხვეოდა სკანდალებში, ასევე მაშინდელი ოპოზიცია ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში ამ კომპანიას სამუშაოების უხარისხოდ წარმოებაში ადანაშაულებდა, თუმცა კრიტიკულად განწყობილი ოპონენტები მერის, ბეგლარ სიორიძის თავდასხმის ობიექტები ხდებოდნენ. მოგვიანებით კომპანიის თანამშრომლებისაგან ქრთამის აღების გამო მაშინდელი ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის ერთ ერთი ლიდერი ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
რამდენიმე წლის შემდეგ კი, კერძოდ სამუშაოების მერიის მიერ ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ, ნაპირსამაგრმა ნაგებობებმა ნგრევა დაიწყო და რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა კიდეც, რის გამოც დღეს მერია იძულებულია დამატებითი სახსრები მოიძიოს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ახლა აღნიშნული. 70 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, უფრო სწორედ თავიდან აშენება მიმდინარეობს, ცოტა ხანში კი შესაძლოია სიორიძის დროს აშენებული ნაპირსამაგრები, მთლიანად მთელს პერიმეტრზე ჩამოინგრეს, უხარისხო მშენებლობის გამო.
-ბატონო ზვიად, საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ტენდერის უკან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ვანო ტაბატაძე, დგას და მას ეს ტენდერი გარკვეული სამუშაოების გაწევის გამო ოზურგეთის მერიამ „აჩუქა“
ზვიად ანთიძე- მომისმინეთ, მე და ვანო ბავშვობის მეგობრები ვართ და ახლაც მასთან და მის ოჯახთან ახლო ურთიერთობები მაკავშირებს, როცა არ მუშაობს, შაბათ კვირას, აქ მოდის და ერთად ყავას ვსვამთ, ეს არის და ეს, მასე ამ ბინებიდან მოჭიდავე ბიჭები გადმოდიან და ერთად ვსადილობთ, ეს რაიმე სხვას უნდა ნიშნავდეს? ზემოთ გესაუბრეთ და კიდევ მინდა დაგიკონკრეტოთ, რომ სამუშაოებზე ჩემს კომპანიას, იმაზე მეტი ეხარჯება ვიდრე ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, არ მეგონა თუ ასეთი რთული რელიეფი იქნებოდა, ასე რომ გთხოვთ ასეთი რამეები გამორიცხეთ.
აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ბატონი ზვიად ანთიძე, კვალიფიციურად და კორექტულად გვპასუხობდა ჩვენს შეკითხვებზე ნახევარი საათის განმავლობაში და ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური ინფორმაცია მოეწოდებინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რაც დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ერთგვარი იშვიათობაა და ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.