ჰკა მაგათო”, გაისმა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ისევ გაცოცხლდა: ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დაჭერით ემუქრებიან; გვარამიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები კვლავ ჩაინიშნა; რურუა ციხეში რჩება; მელაშვილს, ილიჩოვას და მათთან ერთად მთავარ ოპოზიციურ ძალას სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გარეჯის გაყიდვაში გაორმაგებული ძალისხმევით ადანაშაულებს; ამასობაში, პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა ლამისაა ბულდოზერი გადაატარა ელისაშვილს, რის შემდეგაც ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რასაც ჯერ ევროკავშირის ელჩისგან, შემდეგ კი ევროპარლამენტარებისგან უმკაცრესი შეფასებები მოყვა.
რატომ იქცევა ხელისუფლება ასე აგრესიულად? თუ ქართულ ოცნებას მართლა სურს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ლოგიკური იქნებოდა, მმართველი ძალა დათმობისა და კონსტრუქციულობის განწყობას ასხივებდეს. ამის ახსნა შესაძლოა ერთი შეხედვით რთული, თუმცა რეალობაში საკმაოდ მარტივია. მოლაპარაკების თეორიის კლასიკას რომ არ ჩავუღრმავდეთ, მამაპაპური დარიგება: “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო” გამოგვადგება – სწორედ ასე იქცევა დღეს, ივანიშვილისგან მიტოვებული, უთავოდ დარჩენილი და ბევრის თვალში, თუნდაც ამის გამო ლეგიტიმაციადაკარგული ქართული ოცნება. საკუთარი სისუსტეების დასაფარად ის ძალის დემონსტრირებას და ოპონენტების წინააღმდეგ ფრონტალურ შეტევას აძლიერებს: ცდილობს ოპოზიცია თავადვე გამოიწვიოს ბრძოლაში და აიძულოს, რომ ხელისუფლების სიხისტესა და აგრესიას სარკისებურად უპასუხოს, რაც ოცნებას უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს, ოპოზიციას, ისედაც შეუვალი ბოიკოტის ფონზე, დასავლელი პარტნიორების თვალში უიმედოდ დესტრუქციულს გამოაჩენს, და ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდების უფრო აქტიურად გამოყენებისთვის ლეგიტიმურ საფუძველს მისცემს. პროცესების დაჩქარებით და ოპოზიციის მოუმზადებელი, ანუ “ფოლსტარტით” კი მმართველი ძალა შეეცდება, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ძირითადად თებერვალ-მარტში მოაქციოს, როდესაც ამინდიც, კოვიდ რეგულაციებიც, ოპოზიციის შეზღუდული რესურსიც და დასავლური გზავნილებიც, სწორედაც რომ მმართველი ძალის შესაძლებლობათა კალათაშია. ჰოდა როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ბოლომდე დაასუსტებს, სახეს დააკარგვინებს, ერთიანობას შეარყევს, საპროტესტო აქციებს გაამეჩხერებს და მუხტს დაასუსტებს, აი ამის შემდეგ დაელოდება პარლამენტში, და თუ ამ დროისთვის ოპოზიციას ისევ ექნება შერჩენილი რაიმე სახის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ამას უკვე საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე სატელეფონო წიგნაკითა და მწარმეტყველების მათრახით შეიარაღებული ქალბატონი თეა მიხედავს. ზოგმა შეიძლება შემომძახოს: “რაც მოსახდენია მოხდეს, ეს ხომ უვარგისი ოპოზიციის პრობლემაა”. თუმცა, ცოტას თუ ესმის ბოლომდე, რომ ოპოზიციის “ჩარეცხვა” რაზეც ოცნება დიდი ხანია ოცნებობს, ქვეყნის ავტორიტარული უძრაობის ჭაობში ჩაძირვას და პერსპექტივის დიდი ხნით დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ეს მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა კი არა, ქვეყნის პრობლემაა, ყველა ჩვენგანის პრობლემაა და თუ ვერ მოვერიეთ ხვალ ჩვენი შვილების პრობლემა გახდება. ჰოდა, “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო: ნათქვამია. ამიტომ სანამ ოპოზიცია ინსტინქტების დონეზე მოქმედებას და პასუხების გაცემას გადაწყვეტს, ჯობია კარგად დაფიქრდეს: რისი რესურსი აქვს, როდის ჯობია ორგანიზებულად მოქმედების დაწყება და რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები. თუმცა, ეს მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება.
სამოქალაქო სექტორმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და კრიტიკული თვალით შეხედოს ოპოზიციის ყველა იმ ნაბიჯს, რომელმაც მათ პოლიტიკურ პერსპექტივასთან ერთად შესაძლოა ქვეყნის პერსპექტივაც სერიოზულად დააზიანოს. ხვალ საქართველოს დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ყველაზე წარმატებულმა მმართველმა ტახტზე ასვლისას დანაწევრებული, გაპარტახებული და ქაოსში ჩაფლული ქვეყანა ჩაიბარა, რომელიც სტრატეგიული ხედვით, გეოპოლიტიკის მაჯისცემის უზადო შეგრძნებით, გამბედაობით, სიმამაცით, მოთმინებით, და რაღა თქმა უნდა სწორ დროს გადადგმული სწორი ნაბიჯებით ერთიან, წარმატებულ, მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ დღეს არანაკლებ მძიმე პერიოდი უდგას ქვეყანას. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმაც და არაპოლიტიკოსებმაც, ახალგაზრდამაც და მოხუცმაც, ყველამ ვინც პატრიოტია და ვისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი სულერთი არ არის, დავითის მსგავსად სიბრძნით, სტრატეგიული ხედვით, გამბედაობით და მოთმინებით ვიმოქმედოთ. ქართველი რაგბისტების რუს მეტოქეებზე დღევანდელი გამარჯვებით გახარებულებმა კი ერთმანეთს შევახსენოთ: სანამ ქართულ პოლიტიკაში არ დავლაგდებით, ის თამაშიც შეიძლება აგვერიოს, სიამაყით და დამსახურებულადაც აქამდე ქართველებს ჩვენი რომ გვგონია” – იორგი თარგამაძის მონოლოგი გადაცემა “დროებაში”