სამოქალაქო აქტივისტის, კოტე აბდუშელიშვილის ინფორმაციით, მას 51-ე სკოლის წინ თავს დაესხნენ და სცემეს. აბდუშელიშვილი მოძრაობის სოფელი ზოდის გადარჩენისთვის აქტივისტია.
“თავდასხმა მოხდა ჩემზე 51-ე სკოლის წინ. მცემეს, მცირე დაზიანებები მაქვს… წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი… მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრით იყო. ახლა პოლიციაა მოსული და სურათები გადაუღეს. აქ, შუაგულ რუსთაველზე კამერები ბევრი იქნება და წესით არ გაუჭირდებათ, მაგრამ ნიღბებით იყვნენ, ზურგიდან დამარტყეს… კიდევ კარგი, აქ ხალხი იყო, თორემ შეიძლება, უფრო რთულადაც ყოფილიყო სიტუაცია… პატრულმაც დამისვა კითხვა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ხომ არ ხარო. მეთქი, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ ვარ, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, ჩემი წევრობა არის სოფელი ზოდი. ამას უკავშირდება ახლა ეს თავდასხმა. […]
2 დღის წინ ნიკოს [გაფრინდაშვილს] დაესხნენ თავს, დღეს მე. ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როგორც ნიკომ თქვა. ერთი ადამიანი შეგაკვდებით მარტო იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში არ ვიცხოვროთ. ვის ესხმით თავს, ვის? რატომ? ეს უკვალოდ არ ჩაივლის…” – თქვა აბდუშელიშვილმა Facebook-ლაივში.
24 ივნისის თავს დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს მოძრაობის სოფელი ზოდის გადარჩენისთვის აქტივისტს, ნიკო გაფრინდაშვილსაც. გაფრინდაშვილი თავდასხმას მოძრაობის მიერ ჯორჯიან მანგანეზის ცენტრალურ ოფისთან 30 ივნისს დაანონსებულ აქციას უკავშირებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სოფელ ზოდში მანგანეზის მოპოვებით სამუშაოების შეჩერება და გაცემული ლიცენზიების გაუქმება იქნება.
“რთული გამოსაცნობი არაა, ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა. სასწრაფოდ ვითხოვთ, გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და, რაც მთავარია, მათი დამკვეთები. ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული, რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან!” – წერია მოძრაობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.