“ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია” – ბრიტანეთის ელჩი

“ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საუბრობს და ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეს გადაწყვეტილება რუსული კანონის მიღების შემდეგ მიიღეს.

ელჩმა საქართველოში ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი სწორედ გაერთიანებული სამეფოა. მან აღნიშნა, რომ მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე, რაც საქართველოს რუსულმა კანონმა მოუტანა, ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეული მილიონობით ფუნტით შემცირდა.

“ყველაზე მეტად, რაც ინვესტორებს აწუხებთ ძალადობისა და დაშინების ფაქტებია. ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ.

ისინი კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ. შედეგად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს.

ფეხბურთს მიღმა, საქართველოს გაშუქება საერთაშორისო მედიაში პოზიტიური არ არის. ამას აქვს გავლენა. და ეს მე მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს მხარდამჭერს, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მაწუხებს, როგორც გავლენა ბრიტანულ კომპანიებზე. ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში ის გარიგებებია, რომლებიც შეიძლება შემდგარიყო და არ შედგა.

ზუსტად ვიცი, თუმცა დეტალებში ვერ შევალ, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ – ყველაზე რბილად რაც შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას ის არის, რომ ისინი დაპაუზებულია. არა მხოლოდ იმ რისკების გამო, რაც უკვე მოხდა, არამედ იმ რისკების გამოც, რაც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვეს”, – აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share