უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს – რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება საკუთარი პირობებით სურს.
კერძოდ, პუტინის განმარტებით, მშვიდობის დამყარების მიზნით აუცილებელია, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიებიდან, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებიდან, უკრაინული ჯარები გაიყვანოს.
”საუბარი გულწრფელი და სასარგებლო იყო. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა აზრთა საკმაოდ დეტალური, პირდაპირი და გულწრფელი გაცვლა აქტუალური, საერთაშორისო საკითხების, მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის გარშემო. ჩვენ ვისაუბრეთ მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. ჩემი სამშვიდობო ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მინისტრებთან არც ისე დიდი ხნის წინ წარვადგინე. მისი რეალიზაცია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა. ეს არა მხოლოდ დროებით ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, არანაირი პაუზა, რომელიც კიევის რეჟიმმა სათავისოდ შეიძლება გამოიყენოს, შეამციროს დანაკარგი ან გადაჯგუფება მოახდინოს. რუსეთს სურს სრული და საბოლოო დასრულება კონფლიქტისა. ამის პირობა, როგორც უკვე გითხარით, დავასახელე. საუბარია უკრაინული ჯარების სრულ გაყვანაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან და ხერსონის ოლქიდან. არსებობს სხვა პირობებიც, მაგრამ ეს უკვე ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების საკითხია”, – ამბობს პუტინი.