კობახიძე იმდენს ამბობდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დავიწყოთო, მივიღეთ კიდეც შედეგი – ხიდაშელი

მძიმე ამბავია” – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას.

თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მოცემული გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობაში “სამწუხარო ფურცელია“.

კობახიძე იმდენს ამბობდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დავიწყოთ და ძველებურად ვერ გაგრძელდებაო, რომ აგერ მივიღეთ შედეგი” – ამბობს ხიდაშელი და გამოთქვამს იმედს, რომ “ღირსეული პარტნიორობის” პროექტი საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ განხორციელდება.

”მძიმე ამბავია. უმძიმესია. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, “ღირსეული პარტნიორობა” იყო. ეს სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც კარასინი ბრიფინგებს მართავდა და ჩემი მინისტრობიდან გათავისუფლებას ითხოვა. ამის მიუხედავად, მაინც ჩავატარეთ. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ახლა ეს სამწუხარო ფურცელია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. კობახიძე იმდენს ამბობდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დავიწყოთ და ძველებურად ვერ გაგრძელდებაო, რომ აგერ მივიღეთ შედეგი და მივიღეთ ის პასუხი, რასაც ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა, როდესაც ამ გადატვირთვაზე საუბრობდა”, – ამბობს ხიდაშელი.

აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო  – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share